"გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა სოფლის სასაფლაოზე საკუთარი საფლავის გათხრის მიზნით წამიყვანა" - რა მოხდა სოფელ ხიზაბავრაში?

  17:35:28     01-09-2020

ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები მანუჩარ მურადაშვილი ამბობს, რომ გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა კ.პ–მ და მისმა მეგობარმა ი.გ–მ გაიტაცეს, სცემეს და საკუთარი ხელით საფლავის გათხრა აიძულეს. ისინი მურადაშვილს მოპარული თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ მას არაფერი მოუპარავს.

ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

შემთხვევა 22 აგვისტოს საღამოს მოხდა, როგორც მურადაშვილი ამბობს, ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა და მისმა მეგობარმა მანქანაში მოტყუებით ჩაისვეს, სცემეს და სოფლის სასაფლაოზე საკუთარი საფლავის გათხრის მიზნით წაიყვანეს.

„მითხრეს გავიაროთო და მეც ჩავჯექი მანქანაში, ცოტა ნასვამები იყვნენ. სოფლიდან მოშორებით „ხიზების“ ტყეს ეძახიან და იქით წავიდნენ. მანქანაში მირტყამდნენ, მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ „ჩემი ფული, 380 ლარი, რომ მოიპარე სახლიდან დამიბრუნეო“. თითქოს მისმა მეუღლემ დამინახა. ვეუბნებოდი, რომ არაფერი მომიპარავს, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. ამ ცემაში ყური დამიზიანდა, კბილი მომტყდა და ფანჯრიდან გადავაგე. მანქანაში თან თოკი და ბარი ედოთ“.

როგორც მანუჩარი ამბობს, იგი თანასოფლელებმა მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს, გაჩხრიკეს და საფლავი გაათხრევინეს.

„თან მირტყამდნენ და მეუბნებოდნენ აღიარე რომ ფული მოიპარეო, მობილური ამოიღეს და გადაღება დაიწყეს, მითხრეს ჩვენ რასაც გეტყვით ის თქვი შენ ხმა არ ამოიღოო, მე შემეშინდა და ვუპასუხე მოვიპარე–მეთქი. აბა რა მექნა, მეშინოდა, რომ მომკლავდნენ. როცა მკითხეს ფული სად არისო, ვუთხარი 20 ლარი დავხარჯე და დანარჩენი კი გახეული ჯიბიდან დავკარგე–მეთქი. მითხრეს, რამდენი იყო ის ფულიო, არ ვიცოდი რა მეპასუხა, მითხრეს თუ არ გახსოვს მაშინ ხვალ 590 ლარი მომიტანეო და გამომიშვეს“.

მისი თქმით, დაპირების შემდეგ, რომ ფულს მიუტანდა, გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა და მისმა მეგობარმა, ნახევრად ამოთხრილი საფლავი ისევ აავსებინეს და წამოიყვანეს: „ვადა მეორე დღის 12:00 საათამდე მომცეს“.

მომხდარის გახმაურების შემდეგ, როგორც მანუჩარის დედა, იზოლდა მურადაშვილი ამბობს, გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი და მისი მეუღლე მივიდნენ და პოლიციიდან საჩივრის გამოტანა სთხოვეს.

„ქურდობა მათ ოჯახში გასულ წელსაც მოხდა, მაშინ 1200 ლარი დაკარგეს და მეზობლებს აბრალებდნენ, მერე ყველამ ერთად უთხრა, პოლიცია გამოვიძახოთ და სიმართლე გაირკვევაო, მაშინვე უარი თქვეს, უკვე ერთი კვირაა გასული და პოლიცია ანაბეჭდებს ვეღარ იპოვისო, ალბათ შინაურმა მოიპარა. ჩემ შვილს ეს ოჯახი სხვა ნივთების მოპარვაში სდებს ბრალს“

„სამხრეთის კარიბჭე“ სოფელში იმ ოჯახის წევრებსაც შეხვდა, რომლებსაც მანუჩარ მურადაშვილი ადანაშაულებს, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს: „ჩვენ მედიასთან არ ვისაუბრებთ, ყველაფერს გამოძიება დაადგენს“.

მანუჩარ მურადაშვილმა ძალადობასა და გატაცების შესახებ 112–ზე იმავე დღეს დარეკა. დაიწყო თუ არა გამოძიება და რომელი მუხლით ამ ეტაპზე უცნობია.