ბათუმში კორონავირუსი საკონდიტრო მაღაზია "დონას" თანამშრომელს დაუდასტურდა

  12:17:57     01-09-2020

"ვინც იმყოფებოდა საკონდიტრო მაღაზიაში „დონა“ შეუძლიათ გადაამოწმონ თავი და მიმართონ კარვებს ტესტირებისთვის. ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“- აცხადებს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.

მისი თქმით, კორონავირისზე უფასო ტესტირებისთვის ქალაქში ორ ლოკაციაზეა კარვები განთავსებული, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება.

ერთი კარავი ბათუმის ცენტრალურ ბულვარში კოლონადების გვერდითაა განთავსებული, მეორე კი ახალ ბულვარში რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედ. დღეს ტესტირება კარვებში 14:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც ნონა ეფაძე აცხადებს, კორონავირუსის შემაკავებელი ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, იმისათვის, რომ სწორად მოხდეს ეპიდსიტუაციის შეფასება, დროულად უნდა დადგინდეს კონტაქტები და ჩატარდეს კვლევა.

დღეს 1 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდასტურდა საკონდიტრო მაღაზია „დონას“ თანამშრომელსაც, მაღაზია ამ დროისთვის დახურულია.