დიდგორში გამარჯვების 890 წლისთავი (“დავით აღმაშენებლის ცხოვრების”, სხვა წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით)
11:50:29     12-08-2011
წმიდა გიორგი დიდგორში განცხადებულად წინ უძღოდა დავით აღმაშენებელს და ქართველთა ჯარს
ეგვიპტიდან ირანამდე, ყოველ ქვეყანაში, ყოველ ქალაქში, ყოველ სოფელში, ყველა სასახლიდან, ყველა მინარეთიდან, ყველა გზაჯვარედინზე, ყოველი სულთანი, ხალიფა, ამირა, ათაბაგი, ბეგი, ყადი, მოლა მოუწოდებდა ქუდზე, უფრო სწორად, ჩალმაზე კაცს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებისკენ.
"სანამ საქართველო არ დაეცემა, არაფერი გვეშველება მუსულმანებს, სანამ დავით მეფე ცოცხალია, ბედნიერი ვერ ვიქნებით თურქები, არაბები, სპარსები"! - გაჰკიოდნენ მაჰმადიანური სამყაროს თავკაცები.
საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა და ძლიერდებოდა მუჰამედის მიმდევართა ცივილიზაცია. ჯერ არაბები გამოვიდნენ არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოდან და მოედნენ მთელ იმდროინდელ მსოფლიოს. მერე თურანიდან ოღუზ-თურქები დაიძრნენ და ჯერ მთელ შუა აზიას, მერე წინა და მცირე აზიას შეესივნენ და მისუსტებული არაბული მუსულმანური ძალა უფრო ველური და არანაკლებ სასტიკი მაჰმადიანური ძალით ჩაანაცვლეს და გააძლიერეს.
განსაკუთრებით კი მეთერთმეტე საუკუნეში - ის იყო, მცირე აზიისა და ევროპის ქვეყნებს არაბთაგან გათავისუფლების იმედი გაუჩნდათ, რომ მცირე აზია თურქ-სელჩუკებმა წალეკეს.
"დიდი თურქობა" - ასე უწოდებს ისტორიკოსი სელჩუკთა მიერ საქართველოს აოხრებას. კლარჯეთი, შავშეთი, ლაზეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, ქუთაისი თურქებით აივსო. "მოჭამეს და მოსწყვიდეს" ქვეყანა. ეს იყო დიდი თურქობის დასაწყისი საქართველოში. "არ იყო მათ ჟამთა შინა თესვაჲ და მკაჲ; მოოხრდა ქვეყანაჲ და ტყედ გარდაიქცა". არც ბიზანტიას დააკლეს ხელი თურქებმა და ევროპის ქვეყნებსაც დაემუქრნენ.
არსად ჩანდა გამოსავალი, ქრისტიანულ სამყაროს და, განსაკუთრებით, საქართველოს განადგურება ემუქრებოდა.
მაგრამ მოიღო წყალობა უფალმა, "რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭვირებად, ვინაიდგან ათორმეტ წელ ამათ თვითო-სახეთა ჭირთა განგრძობილთა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით ღმრთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით".
ქვეყნის მესვეურები, ეკლესია და მეფე გიორგი II მიხვდნენ, რომ საქართველოს ტახტს განსაკუთრებულად მადლიანი მპყრობელი სჭირდებოდა. გიორგი მეფის მხოლოდშობილ ძეს, თექვსმეტი წლის ჭაბუკ დავითს ეტყობოდა, რომ ღვთის რჩეული იყო. ამიტომ ქართულმა ორდენმა გიორგი II-ს თანხმობით მეფედ აკურთხა დავით IV - "თვით მამამან (მეფე გიორგიმ) დაადგა გვირგვინი მეფობისა". უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ თავად უფალმა აკურთხა იგი: "თვით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონაჲ თვისი და საცხებელი მისი წმიდაჲ ცხო; რამეთუ ხელი მისი შეეწია და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეჰმოსა მას; და უაღრეს ყო უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, ვიდრემდის დადვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯვენე მისი..." თუმცა ყველა ეს ზეგარდმო წყალობა დავით მეფემ თავისი ეკლესიური ცხოვრებით, დიდი შრომისმოყვარეობით, ნიჭით, ვაჟკაცობითა და თავდადებით დაიმსახურა.
დავით მეფემ ყმა-მოლაშქრეთაგან, უბრალო მოქალაქეებისგან, გლეხებისაგან და მსახურეული აზნაურებისგან სამხედრო რაზმები შექმნა. ნელ-ნელა წვრთნიდა მათ, გამარჯვებას აჩვევდა. თანდათანობით მთაში გახიზნული მოსახლეობა სახლ-კარს დაუბრუნდა. მეფემ დაამარცხა მოღალატე ლიპარიტ ერისთავი და მისი შვილი რატი, ძაგან და მოდისტოს ერისთავები. 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა თურქებს, 1103 წელს დაიბრუნა ზედაზენი, 1104 წელს თავის სამფლობელოს, აფხაზთა სამეფოს შემოუერთა კახეთ-ჰერეთი, 1110 წელს აიღო სამშვილდე, 1115 წელს - რუსთავი, შემდეგ წელს - ლორე.
1118 წელს დავით აღმაშენებელმა ჩრდილოეთ კავკასიის ველებიდან საქართველოში ჩამოიყვანა 40 ათასი ყივჩაღური ოჯახი. ესენი იყვნენ დაქირავებული მეომრები თავიანთი ცოლ-შვილით, რომელთაგან დავითის სიკვდილის შემდეგ ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი დავითის მიერ მათთვის გამოყოფილ მიწებზე დამკვიდრდა და გაქართველდა, ნაწილი - გასომხდა.
წმიდა დავით IV დიდ ყურადღებას უთმობდა მართლმადიდებლობის განმტკიცებას. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მან გაწმინდა საქართველოს ეკლესია "ქვაბ-ავაზაკთაგან".
1104 წელს საქართველოში თურქთა 100000 მოლაშქრე შემოიჭრა. დავით მეფემ 1500 ქართველით სასწაულებრივად გაანადგურა თურქთა ბრბო ერწუხის ბრძოლაში.
1096 წელს რომის პაპმა ურბან II-მ უფლის საფლავის გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, მოუწოდა ყველა ევროპელს მასში მონაწილეობისკენ და ცოდვათა მიტევება აღუთქვა. "დეუს ლე ვოლტ" (ღმერთს ნებავს) - შესძახა ასი ათასმა, ზოგი ცნობით - სამასი ათასმა ევროპელმა და იერუსალიმისკენ დაიძრა. გზად მათ შეუერთდა ბიზანტიის სამხედრო ძალა, სომხები, ასურელები და დავით აღმაშენებლის ჯარისკაცები.
ჯვაროსნებმა აიღეს ანტიოქია, ედესა, შემდეგ იერუსალიმი. იერუსალიმში ევროპელებმა სასტიკი ხოცვა-ჟლეტა გამართეს, რითაც თავის წინააღმდეგ განაწყვეს არა მარტო მაჰმადიანები, არამედ სხვებიც.
მოლაპარაკებისამებრ, აზიაში მუსულმანთაგან გათავისუფლებული მიწების პატრონად ბიზანტიის კეისარი ალექსი კომნენი, (სავარაუდოდ, წარმოშობით ელინიზებული ლაზი) უნდა გამოცხადებულიყო. ჯვაროსნებმა ბევრი პირობა დაარღვიეს და გაანაწყენეს ბერძნები.
მაჰმადიანთაგან გათავისუფლებულ იერუსალიმში შეიქმნა სამეფო (სამთავრო), რომლის მეთაურმა გოტფრიდ ბულონელმა "უფლის საფლავის მცველის" ტიტული მიიღო. დაარსდა სხვა სამთავროებიც.
მაჰმადიანები ნელ-ნელა გონს მოვიდნენ და გააფთრებული ბრძოლა დაიწყეს ქრისტიანთა წინააღმდეგ. მუსულმანთა რაზმებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა თურქთა სახელოვანი მხედართმთავარი ილღაზი. მან 1119 წელს შეუტია ანტიოქიის ქრისტიანულ სამთავროს. ანტიოქიის მთავარი როჟერი და ბევრი ევროპელი რაინდი ჯვაროსანი დაიღუპა ამ ომში. ამ დროისთვის იერუსალიმის მეფე იყო ბალდუინ II. მან თავი მოუყარა ყველა ჯვაროსანს ილღაზის წინააღმდეგ და ანტიოქიას მიეშველა. ჯვაროსნებმა შეძლეს ანტიოქიის შენარჩუნება, მაგრამ დიდი ზარალი განიცადეს.
ჯვაროსნებმა იცოდნენ, რომ თურქთა შეტევები განახლდებოდა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ძლიერი მფარველის ძიება. 1119 წელსვე მეფე ბალდუინი ფარული ვიზიტით ეწვია ნაჭარმაგევში წმიდა დავით მეფეს.
დავით აღმაშენებლის პიროვნებამ დიდად დააინტერესა მსოფლიოს ქრისტიანები, არა მარტო აღმოსავლეთში, ევროპაშიც. მასზე ლეგენდები ვრცელდებოდა, თითქოს იგი იბრძოდა იერუსალიმთან, ჩვენს მეფეს აიგივებდნენ აღმოსავლეთის ლეგენდარულ მეფე-მღვდელ იოანესთან. ივერიას ჯვაროსნები განიხილავდნენ, როგორც თავის "წინა ბურჯს".
1119-1120 წლებში ტფილისის მაჰმადიანი მმართველები, "ბერები" (უხუცესები) მუსულმანური ქვეყნებისკენ გაეშურნენ, მათთან ერთად იყვნენ განძელი და დმანელი თავკაცებიც, მიწა და ნაცარი დაიყარეს თავზე, შავად შეიღებეს ტანსაცმელი და ხელ-პირი და ვაებით ეახლნენ სულთნებსა და ხალიფას.
თურქ-სელჩუკებმა და არაბებმა გადაწყვიტეს, პირველ რიგში გაერთიანებული ძალებით საქართველოსკენ დაძრულიყვნენ. მათ კარგად ესმოდათ, რომ ქართველ ხალხს დავით მეფის მეთაურობით გადაწყვეტილი ჰქონდა, შეექმნა უძლიერესი სახელმწიფო, რომელიც არათუ ვინმეს დაემორჩილებოდა, არამედ თავად გახდებოდა მტერთა დამმორჩილებელი და მოყვარეთა შემწე. ქართველი ხალხი თავის ქვეყანაში ავტოქტონია, ევროპელებისგან განსხვავებით, ქართველებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ მაჰმადიანებთან საომრად. ქართველების დამარცხების გარეშე კი შეუძლებელი იქნებოდა იერუსალიმისა და ანტიოქიის დაბრუნება, ბიზანტიაზე შეტევა, ევროპისკენ დაძვრა. ქართული სახელმწიფოს მზარდი ძალა ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნიდა.
სწორედ ამიტომ თურქ-არაბ-სპარსთა სამხედრო კოალიცია პირველ რიგში დაიძრა საქართველოსკენ და არა იერუსალიმისკენ.
კოალიციას ხელმძღვანელობდა ნეჯმ ად-დინ ილღაზი, ბაღდადის გამგებელი, მარდინის ციხის მფლობელი, ალეპოს დამპყრობი, ანტიოქიაში ჯვაროსანთა დამმარცხებელი. სულთანმა მაჰმუდმა ამიტომ ჩააბარა მას გაერთიანებული ჯარის მთავარსარდლობა.
კოალიციაში იყვნენ:
დურბეიზი (დუბეის სადაყას ძე) ევფრატზე მდებარე ქალაქ ჰილას პატრონი, "არაბეთის მეფე".
თოღრულ მუჰამედის ძე - ყაზვინის, ზენჯანის, გილანის, ასანისა და განძის მფლობელი, სულთანი, მუჰამედ სულთნის ძმა.
თუღან არსლან კუზიანი, თურქი ამირა, ბითლისისა და არზანის მფლობელი, სომხეთის ქალაქ დვინის დამპყრობი.
"ყოველთა სომხეთისა ამირები" და "სადღაც ვინ იყო... მხედრობად შემძლებელი".
სომეხი ისტორიკოსის, მათე ურჰაეცის ცნობით, მაჰმადიანთა ლაშქარი 560 ათას კაცს შეადგენდა.
ანტიოქიის სამთავროს კანცლერის, გოტიეს მონაცემებით, მუსულმანთა ჯარი 600 ათას ითვლიდა.
დავითის ისტორიკოსის სიტყვით, თურქ-არაბ-სპარსები "ვითარცა ქვიშა ზღვისა" მოვიდნენ "თრიალეთს, მანგლის და დიდგორს".
ივანე ჯავახიშვილი და შოთა მესხია მიიჩნევდნენ, რომ მუსულმანთა კოალიცია 300000-ზე ნაკლები არ იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ისინი ქართველებზე გაცილებით მეტნი იყვნენ.
მაჰმადიანები ყარსი-თრიალეთის, დვინისა და განძის მხარეებიდან შემოსულან საქართველოში და 1121 წლის 10 აგვისტოსთვის თავი მოუყრიათ მანგლის-დიდგორში.
სომეხი მათე ურჰაეცის თქმით, დავით მეფეს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 40000 ქართველი, 15000 ყივჩაღი, 500 ოსი და 100 ევროპელი ჯვაროსანი.
ჩვენი ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის გზით მიუახლოვდა და ორ მთას შორის დაბანაკდა. დავითს დასავლეთიდან უნდა შეეტია, დემეტრე უფლისწულს კი მოულოდნელად მთაზე გაშლილი ტყიდან უნდა დაერტყა. რათა უკანდასახევი გზა მოეჭრა მტრისთვის. ლაშქრის უკან ხევი ხის ჯებირებით ჩახერგეს. ამ ადგილს დღესაც ჩახერგილას უწოდებენ.
ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა ჯარს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდევაც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შემოსავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ!"
დიდგორის ბრძოლა ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათ დღეს, 12 აგვისტოს მომხდარა.
როცა მეომარი მხარეები ერთმანეთის წინ გაეწყვნენ, მეფის ბრძანებით ლაშქარს ორასი ქართველი ვაჟკაცი გამოეყო. ისინი მტერს მიუახლოვდნენ. ურჯულოებს ეგონათ, მეფეს უღალატეს და ჩვენს მხარეს გადმოვიდნენო. ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში. თავგანწირულებმა, ქართული საომარი ხელოვნების ოსტატებმა, უეცრად ხმლები იშიშვლეს და მტერს დაერივნენ. ამან არეულობა გამოიწვია მუსულმანთა რიგებში, უკანა რაზმებს ეგონათ, დავმარცხდითო და თავდავიწყებით გარბოდნენ. ჭყლეტაში ბევრი დაიხოცა.
სანამ მტერი გონს მოვიდოდა, დავით მეფე და ქართველთა ჯარი მაჰმადიანებს ეკვეთა. გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა. ამ დროს მთიდან დაეშვა დემეტრე დავითის ძე თავისი ლაშქრით და ფლანგიდან შეუტია მტერს.
"იქმნა სასტიკი ბრძოლა ორ მთას შორის, ისე, რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისგან ეს მთებიც ხმაურობდნენ", - წერს მათე ურჰაეცი.
"პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა..." გვიამბობს დავითის ისტორიკოსი. ბრძოლა სულ სამი საათი გაგრძელებულა. "სამ ჟამამდე იყო და ვერცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინადადგომად".
"რამეთუ (დავითს) ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმოი ჰფარვიდა მას; და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა", - გვიამბობს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.
მაჰმადიანები გაიქცნენ, ქართველები მისდევდნენ, ჩეხდნენ ან ქათმებივით იჭერდნენ. "აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა".
გოტიესა და მათე ურჰაეცის ცნობით, 400000 მუსულმანი მოუკლავთ ქართველებს. ჩვენც მოგვიკლეს მეომრები, მაგრამ დავითის ლაშქრის დანაკლისი იმდენად მცირე იყო მტერთან შედარებით, რომ თანამედროვეებს არც აღუნიშნავთ.
"ძლევაჲ საკჳრველი" დიდად მნიშვნელოვანი იყო იმდროინდელი მსოფლიოსთვის. ქრისტიანები განმტკიცდნენ პალესტინაში, ბიზანტიაში, მცირე აზიაში. მაჰმადიანები გატყდნენ. ამ ბრძოლამ 66 წლით გადადო იერუსალიმის დაკარგვა ჯვაროსნებისგან.
საქართველო უძლეველ ქვეყანად იქცა.
მომდევნო წელს დავით აღმაშენებელმა აიღო ქალაქი ტფილისი "ოთხას წელ ქონებული სპარსთა", ამიერიდან თბილისი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდა.
1123-1124 წლებში წმიდა მეფემ ანისის სომხეთის და შირვანის (დღევანდელი აზერბაიჯანის) ოლქებიც შემოუერთა საქართველოს და თბილისი საქართველოს კავკასიური იმპერიის (თანამეგობრობის) დედაქალაქად იქცა.
როგორც წერს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ჰომეროსს ან არისტოტელეს რომ შეძლებოდათ თავიანთი დიდებული რიტორობით მოეთხროთ დავით აღმაშენებლისა და ქართველთა გამარჯვების შესახებ დიდგორში, ისინიც ვერ შეძლებდნენ ჯეროვნად აღეწერათ "ძლევაჲ საკჳრველი".