რუსეთი თავის არმიის მასშტაბურ გადაიარაღებას გეგმავს

  14:29:13     25-09-2010

როგორც რუსული გამოცემა „ВЗГЛЯД“-ი თავის საგაზეთო სტატიაში “ბლუმბერგში” გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთი ათი წლის განმავლობაში არმიის გადაიარაღებისთვის 19 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს. მთავარ ამოცანას კი წარმოადგენს რუსეთის არმიისთვის უახლესი ტიპის შეიარაღების შესყიდვა - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 20 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსთან შეხვედრიდან სამშობლოში დაბრუნებულმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და დასძინა, რომ ეს თანხა აუცილებელი მინიმუმია არმიის გადაიარაღებისთვის. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით იგი არაა დაინტერესებული დასრულებული პროდუქციის ყიდვით, არამედ მას სურს ნოუ-ჰაუს ტექნოლოგიების შესყიდვა, რათა რუსეთმა სამხედრო პროდუქცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აწარმოოს. ტექნოლოგიის ნაწილის ყიდვას რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ ინტერესს აშშ-თან შესაძლო სამხედრო გარიგებაში ტექნოლოგიები წარმოადგენს. სერდუკოვის განცხადებით ისინი განსაკუთრებით დაინეტერსებულები არიან საინფორმაციო კომუნიკაციებით და ზოგიერთი მაღალი სიზუსტის შეიარაღების ნიმუშებით.

ამ ეტაპზე რუსეთის თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შეთანხმების სტადიამდე არიან მისულნი, რის მიხედვითაც თავდაცვის ბიუჯეტი 2011-2020 წლებისთვის 46% ით უნდა გაიზარდოს, რაც 13 ტრილიონიდან 19 ტრილიონ რუბლამდე ზრდას ითვალისწინებს.  

სერდიუკოვის განცხადებით სამამულო წარმოების შეიარაღება ვერ უზრუნველყოფს რუსეთის არმიის აუცილებელ გადაიარაღებას. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების რეფორმირება და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომ დადგა. რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ამა წლის მაისში განაცხადა, რომ თანამედროვე შეიარაღების წილი რუსეთის არმიაში 2015 წლისათვის მინიმუმ 30% უნდა გამხდარიყო. რუსეთის თავდაცვის მინისტრი თავის მხრივ გეგმავს, რომ 2020 წლისათვის ეს პროცენტული მაჩვენებელი 70% მდე გაზარდოს. 

როგორც რუსული გამოცემა “ВЗГЛЯД“ იტყობინება, რუსეთი თავის გეგმების მისაღწევად აპირებს მიმართოს ნატოს ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამის მაგალითად „მისტრალის“ შესყიდვის გარიგება მოჰყავს, თუმცა გამოცემა იქვე დასძენს რომ შეიარაღების შესყიდვის მოთხოვნით რუსეთს შტატებისთვის ჯერ არ მიუმართავს.

რუსი ექსპერტები რუსეთის მიერ აშშ–სთან სამხედრო გარიგების საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. პოლიტიკისა და სამხედრო ანალიზის ინსიტუტის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანლის ალექსანდრა ხრამჩიხინას თქმით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ გეგმების განსახორციელებად შესაძლოა 19 ტრილიონი რუბლიც არ ეყოს, რამდენადაც რუსეთის შეარაღებული ძალები იმყოფებიან იმ სტადიაში, როცა მათ გადაიარაღების ნაცვლად, ფაქტობრივად, ნულიდან სჭრდებათ შეიარაღება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ვერ ეყოლება პატარა მობილური არმია. ექსპერტის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ტექნოლოგიურად კატასტროფულად ჩამორჩება დასავლეთის ქვეყნების არმიებს და თუ მართლა შესაძლებელია რაიმეს ყიდვა შტატებისგან, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. 

რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე მაიკიენკო კი გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ აქამდე შეიარაღების შესყიდვის შესახებ საუბარი მიდიოდა საფრანგეთთან, ისრაელსთან და იტალიასთან და ამერიკის შეერთებული შტატების დამატება ამ ნუსხისთვის მართლაც ახალი რამაა. ამასთანავე რუსი ექსპერტი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ეს გარიგება რჩება ვერბალურ დონეზე და დარწმუნებულია რომ რუსეთს შტატები არაფერს სერიოზულს არ მიჰყიდის, რამდენადაც აშშ-ს საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა გააჩნია, რაც აწესებს შეზღუდვებს ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ექსპერტი გამორიცხავს კავშირგაბმულობის სისტემის დარგში შტატებთან რუსეთის გარიგებას.

უნდა აღნიშნოს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატებთან სამხედრო სახის შეთანხმება არ ჰქონია. ამასთან, არსებობს მრავალი პოლიტიკური მიზეზი რუსეთ–ამერიკას შორის, რის გამოც შეიძლება ეს შეთანხმება არ შედგეს. მაგალითისთვის, რუსეთ–სირიას შორის გაფორმებული შეთანხმებაც საკმარისია, რაც ითვალისწინებდა სირიისთვის გემსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის „იახონტის“ მიყიდვას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. 

შტატების პოლიტიკურ მიზეზებს ემატება ამერიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომელიც კრძალავს სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტს ამერიკის მოკავშირეებზეც კი. თუმცა ამა წლის აგვისტოს თვეში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას პრეს–სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ექსპორტისგან შემოსავლების ზრდის მიზნით ქვეყანაში ექსპორტზე რიგი სამხედრო და მაღალი ტექნოლოგიების დარგში არსებულ შეზღუდვების გადახედვის გადაწყვეტილების თაობაზე. გავრცელდება თუ არა ეს ფაქტორი რუსეთზე და რამდენად წარმატებულად გამოიყენებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბიუჯეტის ზრდას ამას დრო გვანახებს, თუმცა გარკვეულ წილად რუსი ექსპერტების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ რეალურად გამოიყურება.

სტატია მომზადებულია „ბლუმბერგისა“ და „„ВЗГЛЯД“-ის მასალებზე დაყრდნობით.