პოლ ვალერის „ჭადარი“

  11:48:37     12-08-2011

პოლ ვალერის „ჭადარი“

გივი გეგეჭკორის თარგმანები კარგადაა ცნობილი. დღეს გვინდა ჩვენს მკითხველს წარმოვუდგინოთ გივი გეგეჭკორის მიერ თარგმნილი, დიდი ფრანგი პოეტის, ესეისტისა და მოაზროვნის, პოლ ვალერის შესანიშნავი ნაწარმოები, ლექსი „ჭადარი“. „უბიწო ჩრდილით შორეული ლაჟვარდი შესვი / და ის ლაჟვარდი ზევით გიტაცებს, / შენს სხეულს ვნებით აკვნესებულს გიტოკებს ფესვი, / რომ წმინდად იდგე დედამიწაზე“... მკითხველმა რომ არ იცოდეს ამ ნაწარმოების ავტორის ვინაობა, ის ქართველი სიმბოლისტის დაწერილი ეგონება, იმდენად ქართულადაა გადმოცემული...

გიორგი მახობეშვილი

გივი გეგეჭკორის თარგმანები კარგადაა ცნობილი. დღეს გვინდა ჩვენს მკითხველს წარმოვუდგინოთ გივი გეგეჭკორის მიერ თარგმნილი, დიდი ფრანგი პოეტის, ესეისტისა და მოაზროვნის, პოლ ვალერის შესანიშნავი ნაწარმოები, ლექსი „ჭადარი“. „უბიწო ჩრდილით შორეული ლაჟვარდი შესვი / და ის ლაჟვარდი ზევით გიტაცებს, / შენს სხეულს ვნებით აკვნესებულს გიტოკებს ფესვი, / რომ წმინდად იდგე დედამიწაზე“... მკითხველმა რომ არ იცოდეს ამ ნაწარმოების ავტორის ვინაობა, ის ქართველი სიმბოლისტის დაწერილი ეგონება, იმდენად ქართულადაა გადმოცემული...
 
დიდი პოეტი პოლ ვალერი (Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry) დაიბადა 1871 წელს საფრანგეთში, ქალაქ სეტში. მასზე დიდი გავლენა მოახდინა სტეფან მალარმემ. ლიტერატურული მოღვაწეობა დიდმა პოეტმა დაიწყო 1890 წლიდან.

ლიტერატურული მოღვაწეობა კარგა ხნით შეწყვიტა 1900 წელს და კარჩაკეტილად ცხოვრობდა. 1917 წელს კვლავ დაუბრუნდა ლიტერატურას. მისი ნაწარმოებები იმთავითვე ხდებოდა სხვა დიდი შემოქმედების აღტაცების საგანი.

1925 წელს პოლ ვალერი აირჩიეს საფრანგეთის აკადემიის წევრად.

დიდი პოეტი პოლ ვალერი გარდაიცვალა 1945 წელს.

დიდ ფრანგ პოეტზე, პოლ ვალერიზე საუბარი კვლავ გვექნება. ასევე გვექნება საუბარი გივი გეგეჭკორის შესახებაც.

ჭადარი
 
(ანდრე ფონტენას)

ეგ შენი ტანი, გადრეკილი, თავბრუდამხვევი,
თეთრია, როგორც შიშველი სკვითი,
უმანკოებას აშრიალებ, მწვანედ გახელილს
და გიცხრობს მიწა ფესვების ჭიდილს.

უბიწო ჩრდილით შორეული ლაჟვარდი შესვი
და ის ლაჟვარდი ზევით გიტაცებს,
შენს სხეულს ვნებით აკვნესებულს გიტოკებს ფესვი,
რომ წმინდად იდგე დედამიწაზე.

ქარებს რად უნდა მონანავე შენი კენწერო;
ნაზსა და პირქუშ ამ დედამიწას
უნდიხარ მხოლოდ. იმის მკერდზე რა დაირწევა,
ეგ შენი ჩრდილი თუ არ დაირწა.

შენს კენწეროებს შეივრდომებს ზეცის თავანი,
ნელსურნელება სადაც უბერავს,
მაგრამ, ჭადარო, არ მოშალო მყუდრო სავანე,
დარჩეს სავანედ და სასუფევლად.

ირგვლივ ირხევა ბინადარი ბუნების ტაძრის -
გადახლართული უთვალავ ჰიდრად,
თრთის ნეკერი და ნეკერჩხალი, ცახცახებს ნაძვი
მუხა შრიალებს უძველეს მკვიდრად.

სიკვდილის შიშით შეპყრობილი და უსასოო
ებღაუჭება ნიადაგს ფესვი,
გაბრუებული დაფარფატებს ქარში ნასროლი
მკერდს მოწყვეტუილი ფრთოსანი თესლი.

განა სუროთი შემოსილი ნეკერჩხლებია,
მოკრძალებული დგანან ქალები,
ო, მათთვის კარი, თუმც თავებით ცას ეხლებიან,
არ გაიღება მზის საბრძანებლის.

მათ არაფერი აკავშირებთ და შეეჩვივნენ
აქ მხოლოდ ერთად დგომას და ქვითინს,
დაბადებიდან დასწოლიათ ამ დახლეჩილი
და ვერცხლისფერი მკლავების ტვირთი.

როცა ეხება მათი სუნთქვა ღამის ყვრიმალებს
და ჟამი დგება მთვარის ამოსვლის,
მხოლოდ ის უნდა აფროდიტეს, რომ დაიმალოს -
ქალწულს უნაზეს და კდემამოსილს,

წინასწარმეტყველს ემონება და მის სამყოფელს
რომ აცისკროვნებს, სხვა შეკრთომაა,
ჩაუსახავი, ხვალინდელი ცოდვის ნაყოფით
უერთდება და ერთვის მომავალს.

შენ კი, ჭადარო, რომ იბნევა, შენი ოქროა
და შეგაფარეს თავი ლანდებმა,
ფოთლის ცახცახით გაჩენილი ეგ ჯადოქრობა
მხოლოდ ძილში თუ უჩინარდება.

ქარი ფართხალებს შენს ხელებში, შფოთვის მომტანი,
და ქედმაღლობის გადევს უღელი,
მოახლოებულ ზამთრის დღეებს ეს ტრამონტანი
შენი ფოთლების ქნარზე უმღერის.

ო, დაიკვნესე!.. აჭრიალდეს ტანი მოქნილი
და ნეტარებით კვნესოდეს ტანი,
გრიგალს შესჩივლე მწუხარება, აქეთ მოქრიან
გზადაბნეული იმისი სპანი!

იმ მარტვილივით იმარტვილე, სულ რომ ლოცულობს
და ცხოვრობს რწმენით და სასუფევლით,
ცეცხლს ეკამათე, გადაქცეულს ჩამქრალ კოცონად,
ცისკენ ვერ მიდის მისი ღრუბელი!

მაგ შენმა ჰიმნმა მიაღწიოს იმ ჩიტებამდე,
რომ არ უხილავთ ჯერ მზის კისკისი,
იმ ხეს შთაბერე იმედივით სუნთქვა მგზნებარე,
რომ ენატრება ცეცხლის გიზგიზი!

ვინ შეგედრება, მათრობ ტანის თრთოლვით და რხევით,
შენი შრიალით შრიალებს ბაღი,
შენ ცა გიყურებს, ეგ თვალები აღაპყარ ზევით,
შენს ლოცვას ელის ცისფერი თაღი!

ალბათ დრიადებს სიყვარული ასე სწყუროდათ,
ო, მხოლოდ პოეტს ძალუძს, ჭადარო,
ცხენის სრიალის თეძოების მედიდურობა
შენს მოელვარე ტანს შეადაროს!

თითქოს ჯიუტად შეარხიე და დამანახე
ეგ მოხასხასე ამაყი თავი,
რომელიც ისე მოიხრება, როგორც ბალახი,
როცა გაიგებს ქარიშხლის ბღავილს!

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა)