"დაღუპულთა შორის არიან დედა-შვილი, დები" - ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები?
15:01:29     24-08-2020
23 აგვისტოს შატილიდან მომავალი ტურისტული ჯგუფი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა 3 კი მძიმედ დაშავდა. ყველა დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, რამდენიმე მათგანზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ირკვევა, ყველა მათგანი ერთმანეთის ან ოჯახის წევრები იყვნენ ან მეგობრები.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მხატვარი ნუცა ყანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ნუცას დედა მაია მამუჩაშვილიც. მეგობრები ამბობენ, რომ ნუცა ძალიან ნიჭიერი იყო, ამასთან, მოგზაურობა ძალიან უყვარდა და სხვადასხვა ტურებში დადიოდა.
უბედურ შემთხვევას ასევე ემსხვერპლნენ დები, ხათუნა და ირმა მარუაშვილები.
კიდევ ერთ გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო, წარმოშობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდანაა. 22 წლის ხატია ზაალიშვილი, თბილისში, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ახლობლების ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტში გოგონას ჩარიცხვის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. "სტუდენტი რომ გახდა, თბილისში გადავიდნენ. მამა ისრაელში ჰყავს. ოჯახიც მატანში შექმნა, ორ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს. მოგზაურობა უყვარდა და ჩემი ინფორმაციით, ერთ- ერთ ტურისტულ სააგენტოშიც მუშაობდა," - ამბობს ახლობელი. სოფელ მატანში, ზაალიშვილების საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი გოგონას ბებია და პაპა ცხოვრობენ.
ტრაგედიას ემსხვერპლა 25 წლის დეა დევსურაშვილი, იგი ადგილზე გარდაიცვალა. დეა შატილის საბედისწერო ტურზე დასთან, 23 წლის ხატია დევსურაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, თუმცა ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, შესაბამისად გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჩვენთვის არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია გოგონების ახლო მეგობარიც.
ამასთან გარდაცვლილებს შორის არის, საბედისწერო ტურის გიდიც, სერგო გორლიუკოვი.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.