"ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, არაერთხელ სცემა" - ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა

  12:58:30     21-08-2020

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ინფორმაციით, პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მათი განცხადებით, დადგინდა, რომ ბასილაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, როგორც ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად, ასევე, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

PHR აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

"გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას",-  ნათქვამია PHR-ის განცხადებაში

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.