პანკისის ხეობაში შორტების ჩაცმის გამო მამა-შვილის ცემისათვის 22 წლის ისლამ ფარეულიძე დააკავეს
21:51:16     20-08-2020
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1998 წელს დაბადებული ისლამ ფარეულიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ გელა წელაურს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გელა წელაურსა და მის 16 წლის ვაჟს პანკისში იმის გამო სცემეს, რომ ქუჩაში შორტები ეცვათ.