ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: მწყემსი, რომელმაც ჩემი შვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო

  14:08:52     20-08-2020

ამ წუთებში, სოფელ მაწევანის ტყეში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ესპერიმენტი ტარდება, რომელსაც სამართალდამცველებთან ერთად მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრებიან.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, "მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს". ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმის გაყალბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ტელეფონით ესაუბრა და რომელმაც უთხრა შემდეგი ფრაზა - "შენი შვილი მაგარ შარშია".

"ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარება, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ 5 დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიუტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან- სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი....ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ბაჩალიაშვილის თქმითვე, მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, "სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო".