"მომხდარის გამო ჩემს შვილს ვეღარ ვუყურებ თვალებში" - რას აცხადებს მამაკაცი, რომელსაც პანკისის ხეობაში შორტების ჩაცმის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ
11:40:27     20-08-2020
რამდენიმე დღის წინ, "პანკისის სათემო რადიომ" ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მამაკაცს და მის 16 წლის ვაჟს პანკისის ხეობაში სამი ახალგაზრდა ფიზიკურად გაუსწორდა, შორტების ჩაცმის გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ნიკო წელაური რადიო "თავისუფლებას" უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ სოფლის სახლში იყო ჩასული. უკან დაბრუნების დროს სოფელ ყვარელწყალში მდებარე კაფეში შეიარა, სადაც წინასწარ შეკვეთა ჰქონდა მიცემული. ნიკო იხსენებს, რომ კაფეში შესვლიდან მალევე ქუჩაში გაჩერებულ მის ავტომობილთან, სადაც არასრულწლოვანი შვილი ელოდა, ხალხმრავლობა შენიშნა, გარეთ გამოსულმა კი გაარკვია, რომ მის შვილს სამი ადგილობრივი ახალგაზრდა ედავებოდა იმაზე, თუ რატომ ეცვა მოკლე შარვალი, იგივე შორტები. ამ დროს წელაურსაც შორტები ეცვა. როგორც თავადვე ამბობს, სწორედ ამის გამო ერთი ახალგაზრდა მას, ორი კი მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ნიკო რადიო "თავისუფლებასთან" ყვება, ცემის გამო ადგილზე გონება დაკარგა, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, რომ მას ხელი აქვს მოტეხილი. შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო ნიკოს 16 წლის შვილმაც.
"მეც და ჩემი შვილიც შორტებით გახლდით. გვკითხეს, რატომ ხართ შორტებითო? ვუპასუხე, რომ, პირველ რიგში, ცხელოდა და, შემდეგ, სოფელში სამუშაოდ ვიყავი ჩასული... სხვანაირად როგორ უნდა ვყოფილიყავი? დაიწყო ძალადობა, წავიქეცი და წაქცეულზე მირტყამდა ერთი. ჩემს არასრულწლოვან შვილს დანარჩენი ორი ახალგაზრდა ურტყამდა. მე ისე ვიყავი დალურჯებული, სახე აღარ მიჩანდა. ახლაც ხელი მაქვს მოტეხილი, არის დაჟეჟილობები და ტკივილი“.
ინციდენტი პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მოხდა, თუმცა ამბავი მხოლოდ 18 აგვისტოს გასაჯაროვდა. ნიკო წელაურმა პოლიციას რეაგირებისათვის მომხდარიდან მეორე დღეს, 9 აგვისტოს, მიმართა და პოლიციელებმა პირველად სწორედ ცხრაში გამოკითხეს. ამბის მედიაში გაშუქების შემდეგ წელაური 18 აგვისტოს დუისის პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს. წელაურის მონათხრობით, პოლიციის განყოფილებაში ორი ადგილობრივი მიიყვანეს და ორივე ამოიცნო, რომლებიც მათზე ძალადობდნენ, თუმცა ახალგაზრდები პოლიციელებმა არ დააკავეს და გამოკითხვის შემდეგ გაუშვეს. წელაური ცემაში მონაწილე სამივე ადამიანის კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვს.
"მომხდარის გამო ჩემს შვილს ვეღარ ვუყურებ თვალებში. მინდა, რომ მოძალადეები კანონის ძალით დაისაჯონ. ადამიანები, ვინც ამოვიცანი, გამოკითხვის შემდეგ გაუშვეს. მე პოლიციაში ფორმა 100 მივიტანე, სადაც წერია, რომ ხელი მაქვს მოტეხილი. რაღაც საბუთებს აგროვებენ და არ ვიცი, შემდეგ რას იზამს პოლიცია“, - ამბობს ნიკო.
პანკისის ხეობაში შორტების გამო მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მამა-შვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის" დაიცავს. ორგანიზაციის წარმომადგენელი კარლო ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ შორტს პანკისშიც ატარებენ, თუმცა მუხლს ზემოთ შორტი არ არის მიღებული, რელიგიიდან, ადათ-წესებიდან და ტრადიციიდან გამომდინარე. "შორტების ჩაცმის გამო ვინმესთან ფიზიკური დაპირისპირება ყოვლად მიუღებელია," - აცხადებს უფლებადამცველი.
პანკისში მომხდარ ფიზიკურ ძალადობაზე პოლიციამ გამოძიება ნიკო წელაურის მიმართვის საფუძველზე 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიებას სოფელ დუისის პოლიცია აწარმოებს.