ევროკავშირი ბელარუს ხალხს 53 მილიონი ევროთი დაეხმარება
11:02:10     20-08-2020
ევროკავშირი ბელარუს ხალხს 53 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია ყველაფერს იღონებს, რომ გამოყოფილი თანხა მივიდეს მოსახლეობასთან და არა ხელისუფლებასთან.
გამოყოფილი თანხა დაიხარჯება სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებზე. იგულისხმება დემონსტრაციებზე დაზარალებულთა მხარდაჭერა, მედიაპლურალიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების მასშტაბების გაფართოება და სხვა.
ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოვსკაიამ, სადაც მან მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, არ აღიარონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.