"არ ვცნობთ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს"
18:29:57     19-08-2020
ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის სხდომა, რომელიც ონლაინრეჟიმში გაიმართა. სამიტის ძირითად თემას ბელარუსში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა.
სამიტის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. მისი თქმით, ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუსის ხალხს. საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. ის არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. ბელარუსის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ბელარუსის მოსახლეობა იმსახურებს უკეთესს, ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ ლიდერები და განსაზღვრონ თავიანთი მომავალი", - განაცხადა შარლ მიშელმა.
მისივე განცხადებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობა იყო "მიუღებელი და შოკისმომგვრელი".
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებიც გარეულნი არიან არჩევნების გაყალბებასა და მომიტინგეთა მიმართ ძალადობის გამოყენებაში.
ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ტიხანოვსკაიამ, სადაც მან მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, არ აღიარონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
შეგახსენებთ, ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალიაქსანდრე ლუკაშენკო გამოაცხადა.