შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამა: ამირხანაშვილმა დაინახა, როგორ ჩავარდა შაქარაშვილი წყალში. ამოვიდა და არავის არ უთხრა
13:14:06     19-08-2020
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა და ბებია მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ. მათ იმ ბრალდებულის მშობლებიც შეუერთდებიან, ვინც "ტოიოტა ქამრიში" ისხდნენ.
"მთავარის" ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
"ამირხანაშვილმა დაინახა, როგორ ჩავარდა შაქარაშვილი წყალში. ამოვიდა და არავის არ უთხრა. დარწმუნებული ვარ ამაში და ახლა ფაქტებს ვაგროვებ. 3 დღე ვიშიმშილებ, შემდეგ გადავალ მშრალ შიმშილობაზე და ყველაფერს თუ არ შეასრულებენ, სუიციდით დავასრულებ სიცოცხლეს", - ამბობს დაკავებულის მამა და აცხადებს, რომ მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ჯამში საქმეზე დაკავებული 17 პირია, რომელებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან. ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.