"ევროკავშირის პასუხი ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე უნდა იყოს ერთიანი, დროული და მკაცრი"

  18:23:49     13-08-2020

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. 

მისი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებს.

მან მხარი დაუჭირა პოლონეთის წინადადებას გაიმართოს ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი ბელარუსის არჩევნებთან დაკავშირებით. 

"უკვე ხვალ, (პარასკევს) ამავე თემაზე ერთმანეთს შეხვდებიან ევროკავშირის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ევროკავშირის პასუხი ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე უნდა იყოს ერთიანი, დროული და მკაცრი“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ ესტონეთი გმობს ოპოზიციის მიმართ ყველანაირ პოლიტიკურ რეპრესიას და ძალადობას, ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ.

ბელარუსში მეოთხე დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,09 პორცენტი დააგროვა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდგემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - 10,0%.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 7 თასამდე მოქალაქე.