ბელარუსის ოპოზიციონერმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა
13:20:13     11-08-2020
ბელარუსის ოპოზიციონერმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. ცნობილი გახდა, რომ ის ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება. ამის შესახებ მიკრობლოგ "ტვიტერზე" ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა დაწერა.
"ციხანოვსკაია უსაფრთხოდ არის, ის ლიეტუვაშია", - წერს ლინკევიჩუსი.
შეგახსენებთ, რომ სვეტლანა ციხანოვსკაიას ადგილსამყოფელი უცნობი მას შემდეგ გახდა, რაც მან ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.
ზოგიერთი მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ შესაძლოა ციხანოვსკაიაზე თავდასხმა იგეგმებოდა.
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80.23% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, სვეტლანა ციხანოუსკაიამ კი - 9.9%
საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ბელარუსის დედაქალაქი მინსკი და სხვა ქალაქები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
ხელისუფლებად დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა გამოიყენა.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30-ზე მეტ ქალაქში აქციებზე დაკავებულია დაახლოებით 3000 დემონსტრანტი. შეტაკებების დროს მინსკში ერთი დემონსტრანტი დაიღუპა.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე, სვეტლანა ციხანოუსკაია.