რუსმა ოკუპანტებმა ტახტისძირიდან ქართველი სამხედრო გაიტაცეს

  15:34:06     06-08-2020

კიდევ ერთი გატაცება საოკუპაციო ზონაში - რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტრისძირიდან გუშინ, 5 აგვისტოს საღამოს, სოფლის განაპირა ტერიტორიიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე გაიტაცეს. ის დღეს დილითვე გაათავისუფლეს.

პარალელურად, გრძელდება ამ სოფელთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ანტისაოკუოპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" წევრებმა ბორდერიზაციის მიმდინარეობის კადრები 26 ივლისს გამოაქვეყნეს, მანამდე ხელისუფლება ამ ფაქტს მალავდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახლა მავთულხლართებს მიღმა ექცევა კიდევ 5 ჰექტარი მიწის ფართობი. მანამდე კი მარტში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს კიდევ 15 ჰექტარი ტერიტორია. იმ ტერიტორიებიდან, სადაც მავთულხლართები გავლებული არ არის, მოსახლეობას რეგულარულად იტაცებენ. ადგილობრივი მოსახლეობა შიშით მიწების დამუშავებას ვეღარ ახერხებენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. 

ადგილობრივი მკვიდრები ამბობენ, რომ ოკუპანტები ყოველდღიურად ამოწმებენ საზღვრებს.  

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ამჟამად ზაზა გახელაძე, რომელიც 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების ტყვეობაში სულ იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. ოკუპანტების მიერ 3 ივლისს დააკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გატაცებული გენადი ბესტაევი უკვე მსჯავრდებულია და ორწლიან სასჯელს 2019 წლის ნოემრიდან იხდის. 

3 და 7 ივლისს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული მიხეილ და მათე ლამანძიები, ბუთხუზ კვირკვია და ტატო ზარქუა საოკუპაციო რეჟიმმა 24 ივლისს გაათავისუფლა.