ძლიერმა წვიმამ რაჭაში 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, ადიდებულმა მდინარემ კი ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო
10:15:54     29-07-2020
ძლიერი წვიმის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე მოქალაქეები არიან ჩარჩენილი და მიმდინარეობს მათი გამოყვანის სამუშაოები. ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით კი, ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და რამდენიმე მიმდებარე სოფელს.
ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად, დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები.