ძველი ქართული ლიტერატურის შესანიშნავი ძეგლი - ევსტათი მცხეთელის მარტვილობა

  11:41:44     11-08-2011

დღეს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმიდა ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეს. ვულოცავთ ყველა ქართველს ამ დღესასწაულს.

დიახ, ყველა ქართველს ვულოცავთ ამ დღესასწაულს, რომელიც წარმოშობით სპარსი ადამიანის ქრისტიანობისადმი თავდადების, მარტვილობის დღესასწაულს ეხება.

დღეს ვერავინ  იტყვის, რომ ევსტათი მცხეთელი სხვაა, ქართველების სისხლი და ხორცი არ არისო. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ევსტათი მცხეთელი ქართველი არ არის. ევსტათი მცხეთელი არის ჩვენი ეკლესიისა და ერის ერთ-ერთი სიამაყე.

სულაც არ ვქადაგებთ ემიგრანტების მოზღვავებას საქართველოში, არც ეროვნების ცნების შეცვლას... მაგრამ ასეთი მაგალითები განსაკუთრებულია. ევსტათი მცხეთელი გახლდათ წარმოშობით სპარსი, მოგვის შვილი. მას გვირობანდაკი ერქვა. მიიღო ქრისტიანობა და ქრისტიანობის ერთ-ერთ ცენტრში - მცხეთში დასახლდა. გახდა მცხეთელი...

ევსტათი მცხეთელის მარტვილობა არის შესანიშნავი ძეგლი ძველი ქართული ლიტერატურისა. მისი ავტორის სახელი სამწუხაროდ უცნობია, მაგრამ ნაწარმოებში კარგად ჩანს ევსტათი მცხეთელისა და მისი მარტვილობის ავტორის განსწავლულობა. ევსტათი, ჯერ როგორც მოგვის შვილი, განათლებული იქნებოდა. რწმენის ძებნაში კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცოდნის თვალსაწიერი. მან შეისწავლა სხვადასხვა რელიგია, აირჩია ქრისტიანობა და შეიცნო მისი პრინციპები. მარტვილობის ავტორიც მასავით განსწავლული კაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ აღწერდა ჯეროვნად ევსტათის თავგადასავალს და მის კამათს მაზდიანებთან, მის მარტვილობას... ავტორი თვითონაც კარგად იცნობს მაზდიანებთან პოლემიკისათვის საჭირო ქრისტიანულ ლიტერატურას, კარგად იცნობს ძველ და ახალ აღთქმას.

როგორც ჩანს, ავტორი ევსტათი მცხეთელის თანამედროვეა და იმდროინდელი საქართველოს ცხოვრებასაც კარგად გვიხატავს, რომელშიც გაუქმებული იყო მეფობა და სპარსელები ბატონობდნენ. წმიდა ევსტათის დაახლოებით 550 წელს მოჰკვეთეს თავი მაზდიანებმა, საქართველოს დამპყრობებმა, მაზდიანური რელიგიის ღალატისათვის, ქართველთა რელიგიაზე გადასვლისათვის. ეს იმ დროინდელი ქართველებისათვის ძალიან დიდი მაგალითის მიმცემი საქციელი იყო... ქართველები ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. მალე ერისმთავრის ინსტიტუტი შემოვიდა ქართლში და ასე აღდგა სახელმწიფოებრიობა.

ეს ნაწარმოები იმავე, მეექვსე საუკუნის შუა ხანებშივე უნდა იყოს შექმნილი. წამებიდან, ალბათ, სულ მალე. ზოგს ეს ნაწარმოები მიაჩნდა ასევე გაქრისტიანებული სპარსის დაწერილად... შესაძლოა თხზულებამ განიცადა გარკვეული ცვლილებები მეშვიდე საუკუნეში. უძველესი, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი ეკუთვნის X-XI საუკუნეებს.

რა თქმა უნდა, ძველი ქართული, სასულიერო, მწერლობის წარმომადგენლები ბრწყინვალე სკოლას გადიოდნენ, სანამ ორიგინალური თხზულებების წერას მოჰკიდებდნენ ხელს. ჩვენი საეკლესიო მწერლობის სკოლა, ქრისტიანობის გავრცელებისთანავე III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც ამას ამტკიცებს „ცხრა ძმა კოლაელთა მარტვილობა“ (ბიძინა ჩოლოყაშვილის გამოკვლევით) და „წმინდა ნინოს ცხოვრება“ (არა ერთი მეცნიერის მტკიცებით). შესაძლოა უფრო ადრეც, ვინაიდან ქრისტიანული თემები საქართველოში პირველივე საუკუნიდან არსებობდა და ნათარგმნი ლიტერატურაც დასჭირდებოდათ.

შეგვიძლია ვთქვათ მეტიც, „ფარნავაზის ცხოვრება“ არა ერთ მეცნიერს მიაჩნია ქრისტაინობამდელ ხანაში შექმნილად, რომელიც მერე ლეონტი მროველმა გამოიყენა.

ძეგლი პირველად გამოსცა მ. საბინინმა („საქართველოს სამოთხე“, 1882 წელს).

დღეს გვინდოდა ევსტათი მცხეთელის მარტვილობის მთელი ტექსტის დაბეჭდვა, მაგრამ ჩვენი ფორმატისათვის დიდია. ამიტომ გადავწყვიტეთ სულ პატარა ნაწყვეტი დავბეჭდოთ აღნიშნული ნაწარმოებიდან და ასევე ტროპარი და კონდაკი ევსტათი მცხეთელისა, რომელიც ასევე ძალიან ძველი უნდა იყოს.

ამ ნაწყვეტში კარგად ჩანს მოქმედი გმირის, ევსტათის მჭერმეტყველება, პოზიცია და ნაწარმოების ავტორის განსწავლულობაც:

„მე ვიყავ ქვეყანისა სპარსეთისაჲ, ხევისა არშაკეთისა, ქალაქის განძაკისაჲ. და მამაჲ ჩემი მოგვი იყო და ძმანი ჩემნი მოგვნი იყვნეს და მეცა მამაჲ მოგვებასა მასწავებდა. ხოლო მე მამული რჩული არა მიყვარდა და ვთქვი გონებასა: “ესე რჩული არა მიყვარს. აწ ჰურიათაჲცა ვისმინო და ქრისტეანეთაჲცა, და რომელი უკეთეჲს იყოს, იგი რჩული შევიყვარო“. და დღისი მამაჲ ჩემი მოგვებასა მასწავებნ და ღამეღა ქრისტეანეთა დაჰრეკიან, ეკლესიად მივიდი და ვისმენდი ჟამობასა მას მათსა და ვხედევდი მსახურებასა მას ქრისტეანეთასა, რომელსა ჰყოფდეს ღმრთისათვის. და ჰურიათა თანაცა ბაგინად შევიდი და მათსაცა მას მსახურებას ვჰხედევდი. ხოლო ქრისტეანეთა ლოცვასა ხმაჲ მათი ვითარცა ხმაჲ ანგელოზისაჲ მესმინ. და ფრიად სურნელ არს და ჰამო ჟამობაჲ მათი. ხოლო ბაგინად ღამე შევიდი ჰურიათასა, ვერა ვცნი, რასა იტყვიედ“...

ტროპარი:

ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო ევსტათი, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

კონდაკი: 

მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაჲ უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენთა უხილავთა მრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განაგებისა საღმრთოთა კავშირთა, რამეთუ ესე ვითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.