შესანიშნავი მთარგმნელისა და პოეტის, ხარიტონ ვარდოშვილის რამდენიმე ლექსი

  11:40:42     11-08-2011

ხარიტონ ვარდოშვილი (ნიკოლაიშვილი) თავის ლექსში „მუხრანის ხიდი“ წერს: „მიღელავს მტკვარი, ძლიერი დევზე, / გაურკვეველი საყვედურებით“... - რა საოცარი სახეა, „ვინ იცის მტვარი რას დუდუნებს, ვისთვის რას იტყვის“. დუდუნი საყვედურია, ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად საყვედურს დუდუნით ამბობენ. თანაც დუდუნი ხშირად გაურკვეველია... მტკვარი „ძლიერი დევზე“ - საოცარი შედარებაა...

ხარიტონ ვარდოშვილის შესახებ “პრესა.გე”-ს მკითხველს უკვე ორჯერ ველაპარაკეთ, როდესაც მის მიერ თარგმნილი შილერის „სიყვარულის ზეიმი“  და გოეთეს „მიძღვნა“ წარმოვადგინეთ. ხარიტონ ვარდოშვილი, მართალაც ძალიან კარგი მთარგმნელი გახლდათ და ქართულენოვანი მკითხველისათვის ძალიან გაამდიდრა ლიტერატურა დიდი შემოქმედების თარგმანებით.

რომც არ დაეწერა თავისი შესანიშნავი ლექსები, მისი თარგმანებიც კარგად გვიჩვენებს, რომ თავადაც შემოქმედი კაცი იყო. სხვანაირად არც შეიძლება. კაცს თუ პოეტური სამყარო არ აქვს, როგორ შეძლებს პოეზიის თარგმნას, თუნდაც პროზისას, მით უმეტეს, როდესაც სათარგმნია შილერი, გოეთე...

 დღეს გვინდა ჩვენს მკითხველა შევთავაზოთ ხარიტონ ვარდოშვილის რამდენიმე ლექსი. ზემოთაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ის შესანიშნავი სახეებით აზროვნებს და ხატავს: „მშვენიერებით სავსე, / ვით მარგალიტის თვალი, / ლურჯი ზამბახის მსგავსი - / ხარ იისფერი ქალი“...

ხარიტონ ვარდოშვილი დაიბადა 1895 წელს სოფელ ცხემლისხიდში, გურიაში.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1915 წელს, ხოლო მისი პირველი პოეტური კრებული „ლექსები“ გამოვიდა 1924 წელს.

დაუღალავად მოღვაწეობდა მთარგმნელობით სფეროში. ნათარგმნი აქვს ჰაინეს, პუშკინის, შევჩენკოს, შილერის, გოეთესა და სხვების ნაწარმოებები.

გარდაიცვალა 1970 წელს.

სულ მალე ჩვენი მკითხველისათვის უნდა გავიხსენოთ გოეთეს ერთი ბრწყინველე ლექსის დაწერის სენტიმენტალური და საოცარი ისტორია, და ლექსიც. ის ლექსიც ხარიტონ ვარდოშვილის მიერ არის თარგმნილი. გარდა ამისა, ხარიტონ ვარდოშვილის პოეზიაზე სხვა დროს კიდევ ვილაპარაკებთ.

 

ობოლი მგზავრი

უმზეო გზაზე სიარულით დაიღალები,

დღის სიავეში მიმავალი, როგორც ბობოლი;

ავდება ჟამი ყოველი დღის გარდაცვალებით,

ო, უმზეობით დაღუპულო მგზავრო ობოლო.

 

მიადექ უფსკრულს და უცქერი როგორ თოვდება

დამწვარ სულიდან აფრენილი თეთრი ფერფლები.

ოცნებას შავი განსაცდელი უახლოვდება

და ჯოჯოხეთის გეხვევიან ჭია-პეპლები.

 

უმზეო გზაზე ღამე არის შენი საფარი.

მიდიხარ მარტო და არა აქვს არეებს ბოლო.

როგორ გაცრუვდა სიცხადეში რწმენის ზღაპარი,

ო, სიბნელეში მიმავალო მგზავრო ობოლო!

(1916)

 

მაისის ღამეში

მოდის საღამო. აწ ზეცა მთვარეს

ბროლის კოშკიდან გადმოახედებს;

ცათამდის ახრილს ლაღად მდგომარეს

დააკოცნინებს ღიმილით ქედებს.

 

ზღვის ლურჯ სივრცეში ლამაზ ფერიებს

ზვირთები თვალებს აუმეტყველებს,

სხივთა შადრევანს დააფერიებს

თეთრი გედები მოღერილ ყელებს.

 

ნაზი ზეფირი მთით მონაბერი

ცის საიდუმლოს ილაპარაკებს,

ვით ძველ მონასტრის მორწმუნე ბერი

სასწაულთმოქმედ მითებს, არაკებს.

 

სევდიანი გზა გამანაპირებს

და დამაშინებს ფიქრთა რკალები;

ობლად დავივლი ქუჩის ნაპირებს -

ღამის კალთებში დავიმალები.

 

დაიწვის მკრთალად სხივთა წალკოტი,

ბინდი ეწვევა ტირიფის ღერებს;

და ყრუ ბუჩქნარში დაღლილი ჭოტი

თვის ბედს ტირილით ამოიმღერებს.

(1918)

 

მუხრანის ხიდი

მიღელავს მტკვარი, ძლიერი დევზე,

გაურკვეველი საყვედურებით,

და გამალებით იჭერენ თევზებს

ორთაჭალელი მებადურები.

 

ეხეთქებიან ტალღებს ტალღები,

ქარი ჰქრის, თოვლი მოსვლას აპირებს,

გაციებული ქუჩის ბალღები

გაიძახიან: „ირის, პაპიროს!“

 

მეტეხი მოჩანს უზარმაზარი.

ღამდება, ციდან ეშვება ბინდი.

ისმის გუგუნი სიონის ზარის

და ავლაბრისკენ აქლემი მიდის.

 

ზის მათხოვარი და ითვლის თითზე,

თუ ვინ ჰყავს შემწე და გამკითხავი,

და გადაკიდულ მუხრანის ხიდზე

გადაფრინდება ჩხავილით ყვავი.

(1919)

 

იისფერი ქალი

მშვენიერებით სავსე,

ვით მარგალიტის თვალი,

ლურჯი ზამბახის მსგავსი -

ხარ იისფერი ქალი.

 

როს ქალაქს შუქი ათოვს,

დგება საღამო ნელი,

ჩნდები პროსპექტზე მარტო,

როგორც დამფრთხალი შველი.

 

ტანი - ახრილი ალვად,

წარმტაცი, სანუკვარი.

გშვენის ქართული გავლა,

სიდარბაისლე გვარის.

 

თეთრ ყვავილებად მაშინ

გეფრქვევა სამოსელი

და ფერხთა შერხევაში

თრთის სინატიფე მწველი.

 

გამხვიე ელდის ცეცხლში,

თავს დამატეხე ალი,

გშვენის ქართული ეშხი,

ხარ იისფერი ქალი.

 

თან დამსდევს შენი სახე,

გული ტრფიალით იწვის,

სხივივით მოცახცახევ,

სიტურფევ ცის და მიწის.

 

ამბობენ, თითქოს, ივნისს

დაწვა სურს შენი თვალის,

გული გაქვს თურმე ყინვის

და ხარ საცოლე მთვარის!

(1922)