რატომ გაწირა ქართულმა ოცნებამ ნინო ლაცაბიძე, რომელსაც რუსთაველობა ეთაკილება?
12:11:25     24-07-2020
ქალთა კვოტირების ინიციატორ ქართულ ოცნებას, 30 მაჟორიტარ კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი, ნინო ლაცაბიძე ჰყავს.
ნინო ლაცაბიძე, რომელიც წარმოშობით რუსთავიდანაა, თუმცა, რუსთაველობა ეთაკილება, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
„4 შვილის დედა“, - ქართული ოცნების შტაბის უფროსმა კობახიძემ, როგორც ჩანს, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ამიტომ, ნინო ლაცაბიძე წარდგენისას ასე დაახასიათა, რასაც მალევე მოჰყვა რუსთავის მრავალშვილიან დედათა კავშირის წევრის, ნინი მამულაშვილის კრიტიკული პასუხი.
„მინდა მოკლედ გამოვეხმაურო მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2020 წლის არჩევნებისთვის ერთ-ერთი კანდიდატის წარდგინების ფაქტს!
მივმართავ “ქართულ ოცნებას!“: როდიდან გახდა ხელისუფლებისათვის მრავალშვილიანობა პრიორიტეტი, რომ ამ კუთხით განსაკუთრებულად წარმოგვიდგენთ თქვენს კანდიდატს?!
შეგახსენებთ ერთ ფაქტს, რაშიც ალბათ აბსოლუტურად ყველა მრავალშვილიანი დედა დამეთანხმება, რომ დღემდე მრავალშვილიანი დედები მუდმივი და სისტემატიური აგრესიის თუ ირონიის მსხვერპლი ვართ, უპირველესად ისევ თქვენი, ხელისუფლების მხრიდან.
თქვენ მუდმივად გვისამართლებთ ჩვენს უკვე დაბადებულ შვილებს და ჩვენც უპასუხისმგებლოდ, განუვითარებლებად თუ სახელმწიფოს პარაზიტებად აღგვიქვავთ!
სიტუაცია დღემდე იმდენად მწვავეა, რომ მიზეზებს ვეძებთ, თქვენთან თავები რითი ვიმართლოთ!
მე მინდა ვუთანაგრძნო ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგინების ფაქტი, რადგან დარწმუნებული ვარ მისთვის არჩევანის საშუალება რომ მიგეცათ, ალბათ, არასოდეს ისურვებდა და ითაკილებდა კიდეც ქ. რუსთავის მაჟორიტარად ყოფნას!
26 ნოემბერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ (ქ.ნ მარიკა დარჩიამ) და იმ დროისთვის ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ გამართეს შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან, სადაც ქალბატონ ნინოს არც გაცნობითი სახის საუბარში და არც შემდეგ არცერთხელ არ უხსენებია რომ რუსთაველი იყო.
როდესაც რამდენიმე რუსთაველმა ჩართვაში უხსენა, რომ თანასკოლელები იყვნენ (#2 საჯარო სკოლის) და იქიდან იცნობდნენ მას, მან იმდენად ითაკილა ეს ფაქტი, რომ აცილება გაუკეთა და სულ სხვა მიმართულებით გააგრძელა საუბარი.
ამ შეხვედრასთან დაკავშირებით უამრავი სტატია დაიწერა, მაგრამ არსად - მითუფრო, არც მის პირად გვერდზე, არ ჰყავს ნახსენები, რომ ამ შეხვედრას ვესწრებოდით ასევე ქ. რუსთავის მრავალშვილიანი ოჯახების კავშირიც.
რაღა თქმა უნდა, თავი დამცირებულად ვიგრძენი მეც და სხვებმაც! ახლა გეკითხებით ქალბატონო ნინო: ქ. რუსთავი ნამდვილად თქვენი არჩევანია?!“ - წერს ნინი მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
რუსთავში, შეიძლება ითქვას რომ არჩევნების ბედი დიდწილად გადაწყვეტილია.
ეს ის ოლქია, სადაც ძალადობის, ტერორის, დაშინების მიუხედავად, რუსთაველ ამომრჩეველთა უმრავლესობამ თავისუფალი არჩევანი გააკეთა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში ოპოზიციის კანდიდატს მისცა ხმა.
მეტიც, ქართული ოცნების პარტიულ შეკრებაზე თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ქვემო ქართლის მოქმედი გუბერნატორი დაესახელებინათ რუსთავში, თუმცა, მან კანდიდატობაზე უარი თქვა.
ამიტომ, ქართულმა ოცნებამ წაგებისთვის გაწირა ლაცაბიძე, რომელიც თავისი წარმომავლობის მიუხედავად, რუსთაველობას თაკილობს.
P.S: მთავარი ოპოზიციური პარტიიდან, რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავარაუდოდ, დავით კირკიტაძე იქნება, რომელიც გამოკითხვებით, ბევრად უსწრებს ქართული ოცნების რჩეულს.
დავით კირკიტაძეს, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი არ მიუტოვებია რუსთავი და რუსთაველები, განსხვავებით ქართული ოცნების კანდიდატისაგან, რომელიც რუსთაველობას მალავდა.