"17 ჭრილობა ყელის არეში, 3 ჭრილობა გულზე, ყურ მოჭრილი და ხელებ დასერილი" - ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
22:30:11     19-07-2020
ქუთაისში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"17 ჭრილობა ყელის არეში, 3 ჭრილობა გულზე, ყურ მოჭრილი და ხელებ დასერილი, ის საკუთარ სახლში საღამოს 10 საათზე იპოვეს," - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 წლის ელისო ჩეჩელაშვილი მეზობლებმა ყელგამოჭრილი იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა პასუხი არავინ გასცათ. ამის შემდეგ მაშველები გამოიძახეს, თუმცა პოლიციის მოსვლამდე ტრაგედიის ადგილზე არავინ შესულა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციის გარეშე კარის შემტვრევა დაუშვებელია. სახლის კარი მხოლოდ სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ შეამტვრიეს. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მოკლული, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.