აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანმა, შესაძლოა, სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმა განახორციელოს
23:42:47     16-07-2020
აზერბაიჯანმა, შესაძლოა, სომხეთის მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმა განახორციელოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ვაგიფ დარგიახლიმ განაცხადა.
დარტყმა განხორციელდება, თუ სომხეთი აზერბაიჯანის იმ სტრატეგიულ ობიექტებს დაესხმება თავს, რომელიც მინგეჩაურის წყალსაცავის მიდამოებშია განლაგებული, - თქვა დარგიახლიმ.
"სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ახალ სარაკეტო სისტემებს, რომელიც ჩვენი არმიის შეიარაღებაში შედის, აქვს მაღალი სიზუსტის შესაძლებლობები, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმისთვის. ეს სომხეთისთვის დიდი ტრაგედია იქნება," - ამბობს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი.
ორი ქვეყნის საზღვარზე საომარი მოქმედებები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მდგომარეობა უარესდება. ამ დროის მონაცემებით, აზერბაიჯანის მხრიდან 11 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, სომხეთის მხრიდან კი - 4 სამხედრო. მხარეები პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.