რაჭაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ავტომობილი მოიპარეს და ავარიაში მოყვნენ - არის მსხვერპლი
12:07:23     14-07-2020
სავარაუდო დანაშაული, რომელიც ტრაგედიით დასრულდა - რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამბროლაურიდან ონის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფილი ერთ-ერთი პირი, მეორე კი დაშავდა.
დაზიანებები აღენიშნებათ სხვა ავტომობილების მგზავრებს, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
გამოკითხულია ავტომობილის მფლობელი, რომლიც ადასტურებს, რომ ავტომობილის გამტაცებლებს იცნობდა.
დაშავებულებს შორისაა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე. ლაფერაძის მდგომარეობა მძიმეა.
"ჩვენს კლინიკაში 4 მძიმე ავადმყოფი შემოვიდა მრავლობითი მოტეხილობით. ყველაზე მძიმედ კარლო ლაფერაძე იყო, შემდეგი საყურადღებო პაციენტი კი სოფო იაშვილი იყო, რომელსაც სამბალიანი კომა დაუფიქსირდა. აღნიშნული პაციენტები მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ,"- აცხადებს ონის საავადმყოფოს დირექტორი ავთო ლებანიძე.