"მიხეილ გრემელაშვილი შვილად მხოლოდ ვაჟს აღიარებდა, გოგონებისგან კი იარაღის მუქარით სახლის დატოვებას მოითხოვდა და მათზე ფიზიკურად ძალადობდა"

  13:18:41     11-07-2020

მე პოლიტიკური პატიმარი ვარ, - ამის შესახებ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული, თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი სასამართლო პროცესზე აცხადებს. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია და არც უკანონო იარაღი ჰქონია. ბრალდებულმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მთავარ პროკურორთან შეხვედრა და მისთვის დეტალების გაცნობა მოითხოვა.

ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს.

ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. პროკურორი ამტკიცებს, რომ მიმდინარე წელს, გრემელაშვილი ოჯახის წევრებს გენდერული ნიშნით, სიტყვიერად და ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდა.

იარაღის დემონსტრირებით და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ცოლსა და შვილებს. აღიარებდა მხოლოდ ვაჟს და გოგონებს უზღუდავდა ყველა უფლებამოსილებას. იარაღის მუქარით მოითხოვდა მათგან სახლის დატოვებას. ადგილი ჰქონდა ჰაერში სროლის ფაქტსაც. რამაც, ოჯახის წევრებს გაუჩინა შიში, რომ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, - ამბობს პროკურორი. 

რაც შეეხება იარაღს, პროკურორის, ნატო ბურთიკაშვილის განმარტებით, მისი სახლიდან ამოღებულია როგორც გაფორმებული, ასევე გაუფორმებელი, კალაშნიკოვის ტიპის მოქმედი იარაღი და 105 ვაზნა. მისივე თქმით, გრემელაშვილის მხრიდან  მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

ბრალდების მოსაზრებებს არ ეთანხმება უფლებადამცველი. ადვოკატი გრემელაშვილისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასა და დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.

მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც ძალადობაში მისმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა ამხილა, თელავის საკრებულოში ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის მოადგილეა.

პროკურატურა მას ხუთ ეპიზოდში - ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.