რუსული არმია კორუფციის ჭაობშია

  11:55:28     10-08-2011

„შეხედე არმიას და იქ შენი საკუთარი ხალხის და ქვეყნის სახეს დაინახავ“ – ეს ცნობილი გამოთქმა, ალბათ, ისე არაფერს ესადაგება, როგორც ჩვენი ჩრდილოელი სამეზობლოს შეიარაღებულ ძალებს. წლების განმავლობაში, რუსულ არმიაში ძალადობრივი დანაშაულების რაოდენობა სულ უფრო მეტად მატულობს. ამის შესახებ ინფორმაციები პერიოდულად ვრცელდება.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ მდგომარეობა ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო უარესდება. ლამის მსოფლიოს ბატონობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფო, რომელიც ჯარის ბრძოლისუნარიანობისა და მომზადების დონით, პლანეტის წამყვანი ქვეყნებისათვის გაჯიბრების ამბიციითაა შეპყრობილი, საკუთარ ჯარისკაცებს ელემენტარულ პირობებსაც კი ვერ უქმნის, რაც არმიაში უამრავი სერიოზული პრობლემის წარმოქმნას უწყობს ხელს.

ამას ადასტურებს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც მიმდინარე წელს, ამ დანაშაულების გამო, უკვე ორი ათას ადამიანზე მეტი დაზარალდა. წლითიწლობით, მატულობს ფულის და სხვადასხვა სახის საკუთრების გამოძალვის შემთხვევებიც სამხედრო მოსამსახურეებში, რასაც უკვე მაღალჩინოსანი სამხედროების ნაწილიც აღიარებს. წელს, დანაშაულებმა ოფიცრებში 15 პროცენტით მოიმატა, ხოლო რიგითებში, კრიმინალური შემთხვევების რიცხვი ორჯერ გაიზარდა.  

როგორც ირკვევა, სულ უფრო მეტად იზრდება კორუფციული გარიგებების ფაქტებიც. არმიაში, კორუფციის შედეგად, სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა 620 მილიონი რუბლი შეადგინა. უკანასკნელ ორ წელიწადში, ათასობით ასეთი ტიპის დარღვევა დაფიქსირდა. კორუფციის აღმოსაფხვრელად კი ხელისუფლებას და შესაბამის უწყებას არც საშუალებები აქვს და არც სურვილი. თუმცა, მდგომარეობა უკვე იმდენად საგანგაშოდ იქცა, რომ რიგი ჩინოვნიკები იძულებულნი გახდნენ, ამ საკითხებზე ალაპარაკებულიყვნენ. „ზესახელმწიფოს“ „უძლეველესი“ არმია, ფაქტობრივად, სამარცხვინო მდგომარეობაშია ჩავარდნილი.

კორუფციული გარიგებების უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად, რეგიონებშია. აქ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარკვეულ, პრივილეგირებულ მეთაურებს, მსგავსი გარიგებების საფასურად, კანონის გვერდის ავლით, აკრძალულ ზონებში მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა მშენებლობების წარმოებისათვის ურიგებენ. ხშირად ეს ნაკვეთები სამხედრო ბაზებზე, არსენალების სიახლოვესაა განლაგებული, რაც სამომავლოდ, ადამიანთა სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეს ფაქტიც მეტყველებს იმას, თუ როგორ აგდებულად ეკიდება რუსი სამხედრო ოფიცრობა საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. 

ექსპერტები, კორუფციის ამგვარი ზრდის მიზეზად, რუსული არმიის მოსამსახურეების მწირ ანაზღაურებას და მმართველი რეჟიმის სისუსტეს მიიჩნევენ. რუსულ არმიაში, ასევე, სერიოზული პრობლემაა სამედიცინო მომსახურება. ამ მხრივაც სრული ანარქია და ქაოსია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ბაშკირეთში, უდმურტეთში, ჩუვაშეთში, კრასნოდარის მხარეში და სხვაგან. კვალიფიციური მედპერსონალის მოძიება აქ ძალიან რთულია. სერიოზული ხარვეზებია არმიის მომსახურების კუთხით. კვების პერსონალი ხშირად სარემონტო და ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს, ჯარისკაცებს კი ამ ობიექტებში დასაქმებას აიძულებენ. მოკლედ, სპეციალისტების თქმით, რუსული არმია, ფაქტობრივად, ანარქიისა და კორუფციის ჭაობშია ჩაძირული, რისი გამოსწორებაც, წლების გასვლასთან ერთად, სულ უფრო მეტად შეუძლებელი ხდება.