სვანეთის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება
18:35:12     07-07-2020
სვანეთში, ხაიშთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. დილიდან ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო.
მეხანძრე-მაშველებს მუშაობას რთული რელიეფი კიდევ უფრო მეტ ბარიერს უქმნის, სიუაციას კი სიცხე და მძიმე ქარი ართულებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის თქმით, შექმნილია სპეციალური სამუშაო შტაბი, რომელშიც გაერთიანებულია 110 მეხანძრე-მაშველი და 7 სახანძრო-სამაშველო მანქანა. ისინი დილის 7 საათიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა რთული პირობების გამო ცეცხლის ქრობა ვერ ხერხდება. მიუხედავად გართულებული სიტუაციისა, ვიბლიანის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ძლიერი დაკვამლიანების გამო მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ ბავშვები გაიყვანა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.