მამაკაცს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა
13:13:03     02-07-2020
შალვა გოგოლაძეს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულ 24 წლის გოგოს ბენზინი შესხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
"გოგოლაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა გოგონას დაესაჯა. კერძოდ, მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”, - განაცხადა პროკურორმა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. შალვა გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.