"შეყვარებულს, დაშორების შემდეგ, შერიგებას აიძულებდა. უარის შემდეგ კი თავს დაესხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა" - თბილისში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

  15:17:24     30-06-2020

შემზარავი თავდასხმა მოხდა თბილისში, კერძოდ დიდუბეში.

24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე ასაკის ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ბენზინის ბოთლი.

ირკვევა, რომ ბრალდებული შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მას შერიგებას აიძულებდა, კატეგორიული უარის გამო კი თავს დაესხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, გუგა ქაშიბაძის თქმით, ამ დროისთვის ქალის მდგომარეობა მძიმეა.

"სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი. ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია“, -განგვიმარტა გუგა ქაშიბაძემ.

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სოფო ხუნდაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე უფრო დეტალურად აღწერს მომხდარს.

"ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა განზრახ მკვლელობის მიზნით ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა. “ტიპმა” ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნითი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს, თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ. დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან.. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში. რომ არა ისინი, არ ვიცი, მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით. კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო, მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით, რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა, არ ვიცი, რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის – არა მარტო ეკიპაჟებს, არამედ ‘ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ…”, - წერს სოფო ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.