აშშ-ის არიზონას შტატში ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და წყლის პარკები ხელახლა დაიხურა, ხოლო სკოლებში სწავლა გადაიდო

  11:33:42     30-06-2020

"სი-ენ-ენის" ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, აშშ-ის არიზონას შტატში ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და წყლის პარკები ხელახლა დაიხურა. აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება.

გადაიდო ასევე, საჯარო სკოლების გახსნაც და აიკრძალა ისეთი ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

შტატში კორონავირუსის 75 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

ახლადგახსნილი ბარების ხელახლა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ტეხასსა და ფლორიდაშიც, ხოლო ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, ფილ მერფიმ, დახურული ტიპის კვების ობიექტების გახსნა, რომელიც ამ კვირაში იგეგმებოდა, დროებით კვლავ გადადო.

ივნისში, აშშ-ის 22 შტატში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 2 681 811 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 1 117 177 და დაიღუპა 128 783 ადამიანი.