პოლიციამ თბილისში მამაკაცი დააკავა, რომელმაც დედას სცემა და კატა მოუკლა
16:02:05     29-06-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.კ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თბილისში, დედას - 1947 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებულმა დედის კუთვნილი კატის მიმართ სასტიკი მოპყრობა განახორციელა, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.