
რუსული ოკუპაციის უკანასკნელი მსხვერპლი
10:01:50     10-08-2011
ერთ-ერთ ინტერვიუში, შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა: ქართული პოლიციური ძალებისთვის, ომი 7 აგვისტომდე გაცილებით ადრე დაიწყო, რადგან კონფლიქტური ზონების მიმდებარე ტერიტორიის პერიმეტრის გაკონტროლებისას,რამდენიმე წლის განმავლობაში, პოლიციის 30 თანამშრომელი დაიღუპა. იგივე პრინციპით, ომი აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდა, რადგან არაერთი პოლიციის თანამშრომელი შეეწირა რუსულ აგრესიას. ოკუპაციის უკანასკნელი მსხვერპლი გახლდათ განაღმვის სამმართველოს ორი თანამშრომელი: გიორგი სხვიტარიძე და მარატ ნოზაძე, რომლებიც რუსების მიერ უპილოტო თვითმფრინავით გამოგზავნილ ნაღმზე აფეთქდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ნაღმი დისტანციური მართვის პულტით ამოქმედდა.
ეს ტრაგიკული შემთხვევა 2008 წლის 17 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ ფლევში მოხდა. „პრესა.ჯი“ გიორგი სხვიტარიძის დედას, ლიანა ჯიშკარიანს ესაუბრა.
– როგორ დაიწყო გიორგის კარიერა შს სამინისტროში?
– ძალიან უნდოდა ძალოვან სტრუქტურაში მოხვედრა, პროკურატურაში და პოლიციაში ვერ ვიმუშავებო ამბობდა, ერთადერთი იყო უშიშროება, სადაც მუშაობა მოისურვა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავწერეთ განცხადება, რეკომენდაცია ჩემი დის ქმარმა მისცა, ყოფილი თანამშრომელი იყო, უშიშროების მაიორი. მთელი წელი ველოდეთ ამ სამსახურს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაგვირეკეს და თანხმობა უთხრეს. დაინიშნა დაცვის სამსახურში, შემდეგ თანდათან წაიწია წინ, ჩინიც მიიღო. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა კაპიტნის წოდება. მანამდე უფროსი ლეიტენანტი გახლდათ. სამსახურიდან გაიგზავნა ამერიკაში, ლუიზიანას შტატში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ, განაღმვის დეპარტამენტში დაინიშნა ერთ-ერთი ქვეგანყოფილებაში ჯერ ჯგუფის, შემდეგ განყოფილების უფროსად. ასე დაიწყო მისი კარიერა.
– ის თქვენი ერთადერთი ვაჟი იყო, არ იყავით წინააღმდეგი ასეთი სახიფათო პროფესიის არჩევის?
– წინააღმდეგი ვიყავი, მაშინვე შემეშინდა, მაგრამ მშვიდობიანი პერიოდი იყო. ოპერატიული გასვლები კი ჰქონდათ მაგრამ... იმდენად აინტერესებდა და უყვარდა თავის საქმე, რომ ვერ შევეწინააღმდეგე. უმამოდ იზრდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ლესელიძის სახელობის სამხედრო სასწავლებელში შემეყვანა, მეცხრე კლასიდან შეიძლებოდა ჩაბარება. მე განათლების სისტემაში ვმუშაობ, პედაგოგი ვარ, მახსოვს მაშინ ჩემმა განყოფილების გამგემ მითხრა: ერთადერთი შვილი გყავს და სამხედროდ გაზრდა რად გინდა, ხან ერთ ქალაქში მოუწევს წასვლა, ხან მეორეში, შენ რა გეშველებაო? ამიტომ გადავიფიქრე, მაგრამ მაინც ასე მომიწია საბოლოოდ. ალბათ ეს იყო ჩემი ბედისწერა.
– ომის პერიოდში ხშირად იყო განაღმვითი სამუშაოების საჭიროება, იღებდა მასში მონაწილეობას?
– მთელი ომის პერიოდი იქ იყო, ოღონდ ყველას გვიმალავდა. მე რაჭაში ვიყავი როცა ომი დაიწყო, ის – ქობულეთში, იქიდან ჩემთან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მითხრა დამირეკეს და თბილისში მივდივარო, მაშინ ჯერ ომზე საუბარიც არ იყო. ყველას ატყუებდა, ჩვენს ნათესავებსაც, ბაზაზე ვარ, არსად გავდივართო. მისი საქმე ომის შემდგომი სამუშაოები უფრო იყო და ამიტომაც დავიჯერე. ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა. ომი რომ დამთავრდა უკვე მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, ფრთხილი იყო, ძლიერი, კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ამ დარგში. ლექციებსაც კითხულობდა. მაგრამ მოხდა ასეთი უბედურება.
– როგორ მოხდა აფეთქება?
– პირველად, როცა დარეკეს ცრუ განგაში აღმოჩნდა. უპილოტო თვითმფრივანი კი იყო შემოსული, მაგრამ საშიში არაფერი იყო. მეორედ რომ გამოიძახეს, ჯგუფი გაგზავნა და თვითონ სხვა საქმეზე წავიდა. ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკავს, ვერ გავერკვიეთ რა ხდება და იქნებ დაგვეხმაროო. როგორც მომიყვნენ, რომ მისულა უთქვამს: ეშმაკს არ სძინავს, უკან დაიხიეთ, აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლებაო და აფეთქებაც მოხდა... როგორც მისმა თანამშრომლებმა, სპეციალისტებმა მითხრეს, ეს ან დისტანციური მართვით იყო, ან ულტრაიისფერი სხივი მოხვდა და ამოქმედდა. ასაფეთქებელი მასალა ზემოდან ჰქონდა დამაგრებული უპილოტო თვითმფრინავს, ის მოხსნეს და სხვა ადგილას წაიღეს, რადგან სადაც იპოვეს, იქიდან 200 მეტრში საგუშაგო იყო, რუსი სნაიპერები იდგნენ. სნაიპერმა არ გვესროლოსო და გაერიდნენ ტერიტორიას. იქვე დაიღუპა მარატ ნოზაძეც. ის და ჩემი შვილი ერთად იდგნენ, გიორგის ზურგს უკან ვინც იდგა, მას თვალები დაუზიანდა, ცალ თვალში აღუდგინეს მხედველობა 70%-ით, მეორეს ყურები ჰქონდა დაზიანებული. ვისაც თვალი დაუზიანდა, ის გვიყვებოდა, ბეგეს მხარმა გადამარჩინაო (ბეგეს ეძახდნენ გიორგის), იმდენად დიდი იყო ფიზიკურად, რომ მისმა სხეულმა დაიცვა აფეთქების დროს.
– თქვენ როგორ შეიტყვეთ ამის შესახებ?
– ჩემს ძმისშვილთან დაურეკავთ 12 საათისთვის. დილით ჩვეულებრივ მოვწესრიგდი, მაკიაჟი გავიკეთე, ერთ-ერთმა მასწავლებელმა მკითხა, რა სახე გაქვს, რა ფორმაში ხარ, რა მოგივიდაო? გამიკვირდა, დილით მოვწესრიგდი და არ მოგწონვარ მეთქი? ეტყობა რაღაცნაირი სახე მქონდა, მთელი დღე გათიშული ვიყავი. სახლთან ბიცოლაჩემი და ბიძაშვილის ქმარი შემხვდა, ბიცოლას ნამტირალევი სახე ჰქონდა, ვკითხე რა ხდება მეთქი? სოსოა ცუდად და სასწრაფო გამოვიძახეთო, ჩემს ძმაზე მითხრა. ეზო სავსე დამხვდა ხალხით, ვიფიქრე ჩემი ძმა მოკვდა მეთქი, გიორგიზე არც მიფიქრია, ათჯერ მაინც ვიკითხე გიორგის გააგებინეთ ბიძამისს რაც დაემართა? მერე ვთქვი, მაჩვენეთ ჩემი ძმა–მეთქი. ბიცოლაჩემმა მითხრა, შენი ძმა აქ არის, ჩვენ შენს შვილს ვტირითო. წარმოგიდგენიათ ალბათ რაც დამემართებოდა. მერე შემოიყვანა ორმა კაცმა ჩემი ძმა, მანამდე ვერ მენახვებოდა. 6 ნოემბერს გახდა 30 წლის და 17 ნოემბერს დაიღუპა.
– ოჯახი არ ჰყავდა?
– რა, მისი თანამშრომლის ცოლებმა მითხრეს პანაშვიდზე, ასე ამბობდა, საახალწლოდ დედაჩემს სიურპრიზი უნდა გავუკეთოო. რა იყო ეს სიურპრიზი, არ ვიცი. ვეუბნებოდი, მოიყვანე ცოლი, 30 წლის ხარ, მე დავბერდი და მინდა შვილიშვილი გავზარდო, მალე მოვკვდები–მეთქი. გაგიჟდა, რას ამბობო, არ ეგონა, ოდესმე თუ მოვკვდებოდი, მე ხომ ამის წარმოდგენაც არ შემეძლო მასზე.
მაია ცაგურიშვილი, გიორგი სხვიტარიძის დეიდა: სამსახურებრივ თემაზე გიორგის სახლში არასდროს საუბრობდა. ის სამსახურში იყო სამხედრო, სახლში იყო ძალიან სხვანაირი, თბილი და საყვარელი გიორგი. ომი რომ დამთავრდა ვუთხარი, გადავრჩით–მეთქი. ჩემი ომი ახლა იწყებაო, მიპასუხა. მართლაც ასე მოხდა.
გვანცა ჩიქობავა, დეიდაშვილი: ლიას და გიორგის დედაშვილობა სამაგალითო იყო. ჩვენ და-ძმასავით გავიზარდეთ, თანატოლები ვართ, მაგრამ მისთვის დედა განსაკუთრებული იყო, ყველაფერი მისთვის უნდოდა, სულ საჩუქრებს უკეთებდა, ზრუნავდა მასზე. ადამიანი არ დადის, დარწმუნებული ვარ, ვისთვისაც გიორგის უწყენინებია. ომის კადრები ჰქონდა ჩაწერილი ტელეფონში, ვეხვეწებოდი მანახე მეთქი, ეს იმდენად მძიმეა, არავინ უნდა ნახოსო. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა. ახლა რომ ვუყურებ ძველ კადრებს, ყველგან ისეთი ნაღვლიანი თვალები აქვს, შეიძლება შინაგანად გრძნობდა კიდეც ამ ყველაფერს.
ლიანა ჯიშკარიანი, გიორგი სხვიტარიძის დედა: სანამ უკანასკნელ მივლინებაში წავიდოდა, ორი კვირის წინ, ყავას ვუდუღებდი, შემოვიდა ოთახში და მითხრა, ნახეთ მე რა მალე მოვკვდებიო. მივედი, მოვეხვიე, რა სიზმარი ნახე, დედიკო, რატომ ამბობ ამას–მეთქი? გაიცინა, ხო მოგატყუე შე სვანოო. ჩვენ იმერლები ვართ, გვარი გვაქვს სვანური და მაბრაზებდა, სვანს მეძახდა ხუმრობით. ვფიქრობ, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გული რომ გამისკდა, აღარაფერი მითხრა. როგორი დარდიანიც უნდა ყოფილიყო, მე მამშვიდებდა, მაწყნარებდა და თვითონ ვინ იცის რამდენს ნერვიულობდა. ძალიან უყვარდა დილით ძილი, სამსახურში რომ მივიდოდი იქიდან ვურეკავდი, არ ჩაგეძინოს და სამსახურში არ დაიგვიანო–მეთქი. იმ დილით რომ ავდექი, ეღვიძა. რატომ არ გძინავს–მეთქი ვკითხე, რა ვიცი, საერთოდ არ მიძინია, ვერ დავიძინეო. ვაკოცე, ყოველ დილით ვკოცნიდი, ისე არ გავიდოდა და არც შემოვიდოდა სახლში ჩემთვის რომ არ ეკოცნა. ფრთხილად იყავი–მეთქი გავაფრთხილე და წავედი. ეს იყო ჩემი ბოლო ნახვა. 9 ნოემბერი იყო...
– მისი თანამშრომლები, სახელმწიფო ყურადღებას აქცევს მის ოჯახს?
– კი, ზოვრეთის ქუჩას ჩემი შვილის სახელი ეწოდა, მისი სახელობის სკვერი გაკეთდა, გახსნაზე მისი თანამშრომლები მოვიდნენ უფროსთან ერთად. დაბადების, გარდაცვალების დღეს სასაფლაოზე მთელი განყოფილება მოდის, ხშირად მირეკავენ, მკითხულობენ, საახალწლოდ საჩუქრები მოაქვთ...
– ხშირად, როცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ასეთი უბედურება ხდება, ოჯახის წევრები სახელმწიფოს ადანაშაულებენ. დღეს პოლიტიკოსებიც ბევრს საუბრობენ ამაზე...
– გიორგი ძალიან დიდი პატრიოტი იყო. არავის მიმართ აგრესია არ ჰქონდა, ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, საქმე, მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. უჭკვიანესი პიროვნებააო ამბობდა. მთელ განყოფილებას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, ქორივით არის გადაფარებული თავის თანამშრომლებზეო, ძალიან დიდ პატივს სცემდა მას. თუმცა ვინც უნდა ყოფილიყო ქვეყნის მმართველი, თუ მინისტრი, ის ომში მაინც წავიდოდა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის პატრიოტი იყო. ის წავიდოდა ომში, რომელშიც საქართველო იქნებოდა ჩაბმული. ჩვენ მორალური უფლება არა გვაქვს, ვისაუბროთ სახელმწიფოს ბრალეულობაზე და მით უმეტეს გიორგის წინაშე არ გვაქვს ამის განსჯის უფლება.
– ეს იყო, როგორც მახსოვს, ბოლო მსხვერპლი, რომელიც რუსულ ოკუპაციას შეეწირა, მსხვერპლი იყო ომამდეც და ომის შემდეგაც, უამრავი პოლიციელია დაღუპული, აღარაფერს ვამბობ სამხედროებზე, რას ეტყვით იმ დედებს რომელთა შვილებიც შეეწირენ სამშობლოს?
– გაუძლონ და ილოცონ თავიანთი შვილებისთვის, ამის ნუგეში არ არსებობს, მაგრამ ყველა დედას გამძლეობას ვუსურვებ. მე ყოველ შაბათს ტაძარში ვარ, ვლოცულობ, ამაღლების ტაძარში, საიდანაც ჩემი შვილი და მარატ ნოზაძე გამოასვენეს. სხვა ჩემსავით გაუბედურებულ დედებს შვილები, შვილიშვილები დარჩათ, მე არავინ დამრჩა, ეს ერთადერთი შვილი მყავდა და ისე წავიდა, რომ არაფერი დამიტოვა ნუგეშად. მე თუ გავუძელი ამას და ვცოცხლობ, მათაც უნდა შეძლონ. მარატ ნოზაძის მეუღლე ორი წლის წინ გარდაიცვალა, მათ დარჩათ ბიჭი, რომელსაც ბებიები, ბაბუები და მამის ძმა ზრდიან. ოცნებად მქონდა, იქნებ ვინმემ დამირეკოს და მითხრას: მე მყავს გიორგისგან შვილიო. არ გამოვიძიებდი, ეს ნამდვილი იყო თუ არა, მუხლზედაჩოქილი მივიდოდი, რომ ბავშვს თუ არ მომცემდა, მის აღზრდაში მაინც მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ესეც არ მოხდა...