გორში „ნაცმოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
13:02:58     26-06-2020
გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.