"თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების „ევროპული საქართველოს” გარეშე მიღება მოუწევს და ეს იქნება ცვლილება, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ აისახება"

  18:30:14     22-06-2020

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენაში მინაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ასეთ შემთხვევაში მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების „ევროპული საქართველოს” გარეშე მიღება მოუწევს და ეს იქნება ცვლილება, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ აისახება.

„მთავარი საფრთხე, რაც უკავშირდებოდა კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას, უკვე თავიდან არის აცილებული და ახლა ბურთი და პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლების მხარეს. თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და გამოუშვებს გიორგი რურუას, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც და ეს იქნება არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ ცვლილება, რომელიც ასახავს პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობასაც. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს მათ მოუწევთ ამ ცვლილებების მიღება უჩვენოდ. მიღება აუცილებლად მოუწევთ, რადგან მესამე მოსმენით პროცედურულად პრაქტიკულად ვეღარ ჩააგდებენ. მაგრამ ეს იქნება ცვლილება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში პილიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერას და შესაბამისად, პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე მთლიანად დარჩება ხელისუფლების მხარეს”,- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტრიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 136-მა დეპუტატმა მისცა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა ხვალ გაიმართება. როგორც დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.