გიორგი ლეონიძის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად (და რამდენიმე ლექსი)

  11:35:53     09-08-2011

1966 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი გიორგი ლეონიძე.

ლეონიძეები ძველი მესხეთიდან ყოფილან, ტბეთთან ახლოს დღესაც არსებობს სოფელი, რომელსაც „ნიოლიზე მაჰალესი“ ჰქვია თურქულად, რაც ნიოლიძეთა სოფელს ნიშნავს. ადრე სოფელს ლიონიძე ერქვა.

 თურქების მიერ მესხეთის სამთავროს დაპყრობის გამო, ჩვენი საყვარელი პოეტის წინაპრები აღმოსავლეთ საქართველოში გადასახლებულან.

გოგლა ლეონიშე დაიბადა  1899 წლის 27 დეკემბერს.მამას ნიკოლოზი ერქვა. მას გორის სემინარია ჰქონია დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. მეგობრობდა ვაჟა-ფშაველასთან. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. მისი მამა ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა, შაქრო გულისაშვილი კი სახალხო მწერალი, რომელიც „შაქროს“ ფსევდონიმით ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს.

წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა პატარა გოგლამ. მერე თვითონ უკითხავდა თურმე ბავშვებს წიგნებს. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ჰქონდათ კარგი ბიბლიოთეკა. ბავშვობიდან მამულიშვილური გრძნობით იზრდებოდა მომავალი პოეტი. პატარა გოგლა ორი წლის ყოფილა მამა რომ გარდაეცვალა. მრავალშვილიანი ოჯახის გაძღოლა დედას უწევდა.

1907 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1913 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი ადამიანები: ვასილ ბარნოვი, კორნელი კეკელიძე, ნიკო სულხანიშვილი და სხვები.

გოგლას პირველი ლექსები 1911 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები „გვირგვინი“ და „ფანდური“, რომლებიც სემინარიაში გამოიცემოდა.

1916 წელს გოგლა ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“. მისი პირველი ლექსი, „მცხეთა“, 1911 წელს დაიბეჭდა გაზეთ „სინათლეში“. 1912 წელს  ყრმა პოეტმა ლექსი მიუძღვნა დიდ ვაჟა-ფშაველას. დიდი პოეტიც საპასუხო ლექსით გამოეხმაურა. შემდეგ წერილების გამოქვეყნებაც დაიწყო ლიტერატურულ საკითხებზე. გატაცებული იყო მოდერნიზმით. 1918 წლიდან დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“.

1919 წლიდან გიორგი ლეონიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ტიციან ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში რედაქტორობდა ცისფერყანწელთა ყოველკვირეულ გაზეთს „ბახტრიონს“.

გიორგი ლეონიძე, გარდა იმისა, რომ გახლდათ დიდი პოეტი, იყო შესანიშნავი პროზაიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა და ახლა მის სახელს ატარებს. თვითონ პოეტი, კარგა ხნის მანძილზე, აღნიშნული მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. გიორგი ლეონიძის დაარსებულია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში.

გიორგი ლეონიძემ დაარსა ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თავად რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში  იყო „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი, 1951-1953 წლებში გახლდათ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. 1957-1966 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. მან გამოსცა, კომენტარებითა და გამოკვლევებით, მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკი“ (1920 წელს), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928 წელს), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939 წელს) და სხვა.

ლეონიძეს აქვს გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ვასილ ბარნოვის და სხვების შესახებ. მისი შესანიშნავი მოთხრობების საფუძველზე გადაღებულია მხატვრული ფილმი „ნატვრის ხე“

გიორგი ლეონიძე ნამდვილი ეროვნული იდეოლოგი გახლდათ. მისი შემოქმედება და ცხოვრება გამსჭვალული იყო სამშობლოს სიყვარულითა და მისი მომავლის რწმენით. ნატვრა ჰქონია, ენახა სოფელი ლიონიძე ტაო-კლარჯეთში...

როგორც ვთქვით, დიდი პოეტი გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დღეს გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის რამდენიმე ლექსი.

ციცარი

„გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი“,
ასე გავარდა სამგორში, 
ცას დაეხალა ციცარი.

ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა, 
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე, 
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები, 
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...

სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება?          

თუ შენი გული არ მემოწმება,
თუ ვერ ავაგე წმინდა ტაძარი,
სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება -
ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?

ვის გავეკიდო ახალ ძახილით,
რომელ ჯადოქარს, რომელ სირინოზს,
სულის ჩაჭრამდი ჩამწვას სახმილით,
გული სიშმაგით გამაწირინოს!

თუ შენი გული არ მემოწმება, 
თუ გულში წარღვნა მე ვერ დავძარი,
მაშ, სად შევტყორცნე ჩემი ოცნება _ 
ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?

ღამე ივერიისა

ისევ აყვავდა გული ვარდივით
და ისევ მინდა შენზე დავწერო...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე...

სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები,
ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.
ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები...
სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით,
ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო...