საფრანგეთში არეულობაა - ქალაქ დიჟონში, ჩრდილო აფრიკელ და ჩეჩენ მიგრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება

  14:58:23     17-06-2020

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში არეულობაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ჩრდილო აფრიკელი და ჩეჩენი მიგრანტები დაუპირისპირდნენ. ქალაქში ვითარების განმუხტვის მიზნით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტოფ კასტანერი ჩავიდა.

ჩეჩნურ და დასავლეთ აფრიკულ დიასპორებს შორის კონფლიქტი 10 ივნისს, მას შემდეგ წარმოიშვა, რაც დასავლეთ აფრიკელმა მიგრანტებმა ერთ-ერთ ჩილიმ-ბარში 16 წლის ჩეჩნური წარმომავლობის ყმაწვილი სცემეს.

თანამემამულის გალახვის გამო, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა რამდენიმე რეიდი განახორციელეს, უპირატესად არაბებით დასახლებულ გრეზილის რაიონში.

მომდევნო დღეებში დიჟონში თავი მოიყარა ათობით ჩეჩენმა საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი შეიარაღებულები იყვნენ დანებით და ცეცხლსასროლი იარაღით.

12 ივნისიდან კონფლიქტი მასობრივ არეულობაში და შეტაკებაში გადაიზარდა.

დიჟონიდან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ წვავენ ნიღბიანი ადამიანები ავტომობილებს და ნაგვის ურნებს, ისვრიან ჰაერში ცეცხლსასროლი იარღიდან.