
როგორ დავიცვათ თავი ოჯახში ძალადობისგან?
11:12:07     09-08-2011
ძალადობა ოჯახში საქართველოში მეტად აქტუალური გახდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა შემთხვევა: შვილის მიერ მშობლის, ან პირიქით, მეუღლეების მიერ ერთმანეთზე ძალადობის შემზარავი ფაქტები, რომელიც ხშირად ფატალურად სრულდება. სახელმწიფომ უკვე შექმნა ძალადობისგან დაცვის მექანიზმი. არსებობს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. შექმნილია საუწყებათაშორისო ჯგუფიც, რომელშიც წამყვანი სამინისტროების მოადგილეები არიან ჩართულნი. სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს უბნის ინსპექტორებმა, ასევე, ტრენინგებს გადიან პროკურორები, მოსამართლეები. თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ ინფორმირებული, როგორ დაიცვას თავი მოძალადე ოჯახის წევრისგან.
შს სამინისტროს სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2009 წელს, ოჯახური ძალადობის 61 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან განზრახ მკვლელობის ფაქტი გახლდათ - 13, მკვლელობის მცდელობის - 5, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების - 6, ნაკლებად მძიმე დაზიანების - 21, ძალადობის - 7, მუქარის - 8. 2010 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 108 შემთხვევა. აქედან განზრახ მკვლელობის - 6, მკვლელობის მცდელობის - 6, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების - 9, ნაკლებად მძიმე დაზიანების - 33, ძალადობის - 12, მუქარის - 14 ფაქტი. თუმცა, ეს რეალური სურათი არ არის, ვინაიდან, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის, ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლნი უკიდურეს მდგომარეობამდე არ ახმაურებენ ფაქტებს, მათ წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის შესახებ.
იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ თავი ოჯახური ძალადობისგან და რა პროექტებს ახორციელებს სახელმწიფო ამის წინააღმდეგ, "პრესა.ჯი" საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარეს, ლალი ფაფიაშვილს ესაუბრა:
- ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის რა მეთოდები არსებობს?
- გეგმით არის გაწერილი ყველა ის აქტივობა რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორთან ერთად და იყოფა რამდენიმე სეგმენტად: პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები, რაც გულისხმობს ცნობიერების დონის ამაღლებას, საინფორმაციო რგოლებს, არსებული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მოსახლეობისათვის და სახელმწიფო დაცვის გარანტიების განმარტებას. მეორეს მხრივ, არსებობს მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონკრეტული სერვისების გაუმჯობესებასა და დახვეწას, მასშტაბების გაფართოებას. მესამე სეგმენტი კი გულისხმობს იმ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია მოძალადეთა მიმართ სამართლებრივი რეგულირების მექანიზმების გამოყენებაზე. თითეული ეს სეგმენტი ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას მოიცავს.
მოძალადეების მიმართ სახელმწიფოს სამართლებრივი რეგულირების რამდენიმე ბერკეტი აქვს, ეს არის ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებები, როგორიც არის ორდერების გაცემა, რაც შემდეგ ეტაპზე, უკვე სისხლის სამართლებრივი სანქციების გამოყენებას გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუ ორდერის მოქმედების პერიოდში დარღვეულ იქნა, მისი მოქმედება, ან განმეორებით არის ჩადენილი და სისტემატიური ხასიათის მატარებელია, ასეთი ტიპის ქმედება. 2010 წელს სახელმწიფომ დაამტკიცა მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფცია, მაგრამ ამ კონცეფციის განხორციელება საჭიროებს უამრავ კონკრეტულ დოკუმენტს, სხვადასხვა ტიპის დაფინანსებას, ხედვის ჩამოყალიბებას. რეაბილიტაციის კონკრეტული ღონისძიებების გაწერას, სად უნდა განხორციელდეს, როგორ, ვისთან, რის ხარჯზე უნდა გაიაროს მოძალადემ რეაბილიტაციის კურსი. უნდა იყოს ეს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი და ა.შ.
ჩვენ გვაქვს რამდენიმე თავშესაფარი დაზარალებულთათვის გათვალისწინებულია მათი რაოდენობის გაზრდა, ტექნიკური აღჭურვა, სერვისების დახვეწა. ოჯახური ძალადობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ მეუღლეებს შორის ძალადობა, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა დღეს არასრულწლოვნებთან ურთიერთობა. ჩვენ გვყავს ორი ტიპის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანი რომელიც არის მსხვერპლი და არასრულწლოვანი, რომელიც არის მოძალადე. ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითონ არასრულწლოვნები ახორციელებენ ძალადობას მშობლების მიმართ, ეს შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკურიც.
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალადობის მსხვერპლნი ყველაზე ხშირად ქალები არიან. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, თუ არ სურთ თავშესაფარში წასვლა?
- შეიძლება გამოიყენონ ჩვეულებრივი მექანიზმები, რასაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მიმართონ პოლიციის დაწესებულებას და მათ მიმართაც გამოყენებული იქნება დამცავი ან შემაკავებელი ორდერები. განსხვავება იმის მიხედვით, თუ ვისი მხრიდან ხორციელდება ძალადობა ვის მიმართ, არ არსებობს. კანონი არ არის დისკრიმინაციული ამ კუთხით. გეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდში ქალები უფრო ხშირად ჩანან, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის უფრო ადვილია ამაზე საუბარი, თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ ხანშიშესულები ნაკლებად არიან ძალადობის მსხვერპლნი. თუ გადავხედავთ ყოფით სიტუაციებს, ბევრად უფრო მძიმეა ვითარება, როდესაც ხანშიშესული პირების მიმართ ხორციელდება ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათ ან არ სურთ, ან უბრალოდ არ იციან ვის უნდა მიმართონ.
- ჩვენი მასალა სწორედ იმას ემსახურება, რომ მათთვის ცნობილი გახდეს როგორ უნდა დაიცვან თავი ძალადობისგან. ვის უნდა მიმართოს ძალადობის მსხვერპლმა?
- უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: 309 903, სადაც მიიღებენ არამარტო უფასო კონსულტაციას, არამედ მათ სპეციალისტები დაეხმარებიან, შესთავაზებენ ნებისმიერ სერვისს. მათ შესაძლებლობა აქვთ მოთავსდნენ თავშესაფარში, თუმცა ეს სავალდებულო არ არის. შეუძლიათ დარჩნენ ოჯახში და იქ მიიღონ თუნდაც სამედიცინო მომსახურეობა, არა მარტო ამბოლატორიული, სტაციონარულიც კი. ძალიან ხშირია ორსულებზე ძალადობის შემთხვევები ოჯახში. სახელმწიფო ფონდი, რომელიც შექმნილია ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ტრეფიკინგის (ადამიანით ვაჭრობის) მსხვერპლთა დაცვისა და დაზარალებულთა დახმარებისთვის, სწორედ ამისკენ არის მიმართული. ის უზრუნველყოფს თავშესაფარში მოხვედრილი პირის მშობიარობის თანხების გადახდასაც კი იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში მოხვედრასა და მშობიარობას შორის არ არის ძალიან დიდი პერიოდი.
ჩვენ არ ვაიძულებთ მსხვერპლს წავიდეს თავშესაფარში, ჩვენი მიზანია მსხვერპლი დარჩეს ოჯახში, ამისთვის გვყავს სოციალური მუშაკები, რომლებიც პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს ოჯახში არსებულ სიტუაციაზე. გარდა ამისა, ოჯახი შეიძლება აღრიცხვაზე აიყვანოს პოლიციამ, ასეთ შემთხვევაში, უბნის ინსპექტორი პერიოდულად ამოწმებს ოჯახში არსებულ სიტუაციას. ეს კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ოჯახის წევრების მხრიდან რაიმე ტიპის ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან ეკონომიური ძალადობა. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე, მაგრამ საზოგადოება ჩაკეტილია და ნაკლებად იხსნება ფსიქოლოგიურ და ეკონომიურ ძალადობაზე სასაუბროდ.
ეკონომიური ძალადობა გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არ აძლევენ საკმარის თანხებს, უკრძალავენ სახლში არსებული ფულადი თანხის დახარჯვას, მაგალითად, ექიმთან წასვლაზე, ბაზარში ლიმიტირებულია თანხის დახარჯვის შესაძლებლობა (საუბარია გონივრულობის ფარგლებში, როდესაც ბიუჯეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა დახარჯოს იმაზე მეტი, ვიდრე მისთვის არის განსაზღვრული ოჯახის სხვა წევრისგან). არ აძლევენ საკვებს, ან უზღუდავენ მისი მიღების შესაძლებლობას. ასევე, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობა და ქცევის კონტროლი, რომელიც გულისხმობს, მეუღლის ან მშობლის მხრიდან კონტროლს მეგობრებთან წასვლაზე, იმაზე, რომ მეუღლე არ წავიდეს ექიმთან, როდესაც ოჯახური კონფლიქტის შემდეგ აღენიშნება რაიმე ტიპის ძალადობის ნიშნები. აკრძალვას მეუღლის მუშაობაზე, ჩაცმაზე, კონკრეტულ ტანსაცმელზე, რომელიც საზოგადოებაში მიღებულია. ქართული აღზრდის სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბავშვისთვის ყვირილი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ სინამდვილეში, ეს უკვე ოჯახში ძალადობის ფაქტს მიეკუთვნება თუკი ატარებს სისტემატიურ ხასიათს.
- მცირეწლოვნებს და არასრულწლოვნებს რაც შეეხებათ, მათი ზარიც საკმარისია იმისთვის, რომ დახმარება მიიღონ?
- ისინი გადიან ძალიან კარგ სასწავლო კურსს. იღებენ ინფორმაციას ასაკიდან გამომდინარე, დაცვის ძირითადი მექანიზმებისა და ბეკეტების შესახებ. ეს ინტეგრირებულია საგანმანათლებლო სისტემაში. სკოლაში სისტემატურად რიგდება სპეციალიზირებული ბუკლეტები სადაც მითითებულია ცხელი ხაზის ნომრები და ბავშვებსაც ჩვეულებრივად, როგორც სრულწლოვნებს, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე, შეატყობინონ ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ და მიიღონ ნებისმიერი სახის საჭირო დახმარება.
- საგანგაშოა ჩვენს ქვეყანაში არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე?
- ბოლო წლებში, თავშესაფრების გახსნისა და ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ, მიმართვიანობა ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ სტატისტიკა, რომელიც გააჩნია სახელმწიფო ფონდს, არ არის რეალისტური, ვინაიდან ძალიან ხშირად, განსაკუთრებით რეგიონებში, თავს იკავებენ ცხელ ხაზზე დარეკვისგან. რეგიონებში ჩაკეტილი რჩება საზოგადოება ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. ჯერჯერობით, იქ მიუღებელია ოჯახური პრობლემების გარეთ გატანა. თუ ძალიან დამძიმებული სიტუაცია არ არის, მაქსიმალურად ცდილობენ მოითმინონ და თვითონ დაარეგულირონ ოჯახში არსებული ვითარება, რასაც მივყავართ ხოლმე უფრო ნეგატიურ შედეგებამდე.
გორის თავშესაფარს თუ ნახავთ, იქ უკვე გვყავს რამდენიმე მსხვერპლი ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიკური ტრამვებით, როდესაც ვეკითხებით რამ გამოიწვია ასე დაგვიანებით მიმართვა, გვპასუხობენ: მერიდებოდა ჩემი პრობლემების გარეთ გამოტანა, ვფიქრობდი რას იტყოდნენ სოფელში, როგორი რეაქცია ექნებოდათ ჩემს ახლობლებს. ხშირად როდესაც ქალების მიმართ ხორციელდება ძალადობა, მათივე ოჯახი, მშობლები, ძმები უკრძალავენ მეუღლის ოჯახიდან წამოსვლას და ეუბნებიან, თუ სახლიდან წამოხვალ, ჩვენ არ მიგიღებთო...