ამერიკის შეერთებული შტატების შვეულმფრენის კატასტროფის მიზეზებს ჯერაც იკვლევენ

  21:37:46     08-08-2011

შაბათს ღამით, ავღანეთის პროვინცია ვარდაკში, ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ კოალიციური ძალის, CH-47 Chinook სადესანტო–სატრანსპორტო ვერტმფრენი ჩამოაგდო. დაიღუპა 30–ზე მეტი ამერიკელი და ავღანელი მეომარი. მათი უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შატატების სპეცრაზმის, „ჯგუფი 6“–ის წევრები იყვნენ, რომლებმაც მიმდინარე წლის მაისში მონაწილეობა მიიღეს, პაკისტანში, „ალ–ქაიდას“ ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციაში. ეს არის ამერიკისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში. ამ შემთხვევამ დიდი ზიანი მიაყენა ობამას იმჯის, რადგან მას საკუთარი გეოპოლიტიკური პროექტის საშუალებით სურდა ავღანეთის გადაწყობა.

 

CH-47 Chinook–ში „ჯგუფი 6“–ის 22 მებრძოლი, ავიადისპეჩერები, შვიდი ავღანელი ჯარისკაცი, კინოლოგი ძაღლთან ერთად და ადგილობრივი თარჯიმანი იმყოფებოდნენ. კატასტროფა შაბათის ღამეს მოხდა, საიდუმლო მიწისქვეშა ქსელის განადგურების ოპერაციის ფარგლებში. ვერტმფრენი ჩამოაგდეს ქალაქი მაიდან–შახრის მიმდებარე ტერიტორიიდან, საზენიტო–სარაკეტო დანადგარის მეშვეობით. კატასტროფამ გამოიწვია შემთხვევის ადგილზე იმ კოალიციური სამხედრომოსამსახურეების გადასროლა, რომლებიც ამ შემთხვევის დროს თალიბებს ებრძოდნენ.

 

ვარდაკის პროვინციაში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვა, აშშ–ს ავღანეთის კონტინგენტის ყველაზე დიდი დანაკარგია, ამ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან, ანუ 2001 წლის შემოდგომიდან მოყოლებული. ამ ფაქტამდე, ამერიკული კონტინგენტის საშინელ დღედ 2005 წლის 28 ივნისი ითვლებოდა, როცა პროვინცია კუნარში თალიბებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ბორტზე 16 სპეცრაზმელი იმყოფებოდა.

ვარდაკის პროვინციაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გამოწვეული საერთო რეზონანასი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ გარემოებამ, რომ კატასტროფის შედეგად „ჯგუფი 6“–ის სპეცრაზმელები დაიღუპნენ. შეგახსენებთ, რომ ამერიკული სპეცრაზმის ელიტური დანაყოფის წარმატებულმა ოპერაციამ, რომელიც ჰუსეინს უკავშირდება, ამერიკის საზოგადოებაში ეიფორია გამოიწვია. რამაც აშშ–ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას რეიტინგის ზრდა მოიტანა შედეგად. ამ უკანასკნელის რეიტინგი აღნიშნულ ფაქტამდე, კერძოდ კი აპრილში, მაჩვენებლის მინიმუმს, 41 პროცენტს შეადგენდა.

ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ობამამ მიმართვა გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ გარდაუვალი იყო ამერიკელი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მსხვერპლი, ავღანეთის მშვიდობიანი და ნათელი მომავლისთვის. აშშ–ს თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ კი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში მისიას კვლავ განაგრძობს და მიაღწევს ამ მისიის წარმატებით დასრულებას.

 

ამასთანავე, ვარდაკის პროვინციაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდი ზიანი მიაყენა ობამას რეიტინგს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულს ობამამ განაცხადა, ავღანეთიდან აშშ–ს ჯარების ეტაპობრივი გაყვანის შესახებ. მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყნიდან უნდა გაიყვანონ 10 ათასი ამერიკელი მებრძოლი, საბოლოო ეტაპი კი 2014 წელს უნდა დასრულდეს. ამ დროისათვის ავღანეთში სულ 150 ათასი ჯარისკაცი იმყოფება, საიდანაც 100 ათასი აშშ–ზე მოდის.

 

ამასთანავე, უკანასკნელმა შემთხვევამ, საზოგადოებას 1993 წლის კატასროფა გაახსენა. მაშინ, როცა სომალიში ანტიტერორისტული დაჯგუფების, Delta–ს წევრები დაიღუპნენ. 1994 წელს კი პრეზიდენტმა კლინტონმა ამ ქვეყნიდან აშშ–ს ძალების გაყვანა ბრძანა.  დღეს კი იმაზე ფიქრობენ, თუ რა ხანგრძლივ ეფექტს იქონიებს შაბათს დატრიალებული კატასტროფა ბარაკ ობამასა და მის ავღანურ კამპანიაზე.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს კვირაში ავღანეთიდან დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრებს ჩამოასვენებენ, მოსალოდნელია ობამას რეიტინგის ვარდა, მის სამომავლო პოლიტიკურ კარიერასა და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ შედეგს განაპირობებს არა ავღანეთი, არამედ უახლოეს ექვს თვეში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია.