დიმიტრი შაშკინი: ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, ერთადერთი სამვარსკვლავიანი ქართველი გენერალი როდის ჩაიცმევს ფორმას და რას ისაუბრებს

  21:07:15     12-06-2020

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, "პრესა.ჯის" თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ესაუბრა. შაშკინმა ღარიბაშვილის ის განცხადება შეაფასა, სადაც მინისტრი გენერალ დევი ჭანკოტაძეს ახსენებს და აცხადებს, რომ ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს.

- როგორ შეაფასებდით ღარიბაშვილის განცხადებას, "ჯარის პოლიტიზირებასთან" დაკავშირებით?

- დღეს, ღარიბაშვილმა, თავის ჭკუაში, სცადა სამვარსკვლავიანი გენერლისთვის, დევი ჭანკოტაძისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მისი ღვაწლის დამცირება. ეს, ბუნებრივია, არ გამოუვიდა. გამოსვლა იყო ძალიან ამაზრზენი. ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, ერთადერთი სამვარსკვლავიანი ქართველი გენერალი როდის ჩაიცმევს ფორმას და რას ისაუბრებს. ამ ფორმის ჩაცმის უფლება მას მიანიჭა ქართველმა ხალხმა, მისი გმირული ნაბიჯების გამო და თავისმა ცხოვრებამ, რომლის განმავლობაშიც გენერალი იცავდა საქართველოს. ღარიბაშვილმა, რა თქმა უნდა, არ იცის და არც აინტერესებს ის, რომ, რომ არა სამვარსკვლავიანი გენერალი, საქართველოს 2008 წლის ომში ძალიან დიდი მსხვერპლი ექნებოდა. სწორედ დევი ჭაკოტაძის არტილერიამ შეაჩერა რუსული არმია, რომელიც შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ამით მისცა ჩვენს მოსახლეობას ოკუპაციის ზონის დატოვების შესაძლებლობა.

- ცნობილია, რომ ამის შედეგად, ათასობით ქართველის სიცოცხლე გადარჩა...

- დიახ, მაგრამ ეს ღარიბაშვილს არც აინტერესებს, არც ესმის და ვერც გაიგებს, რადგან მას არ აინტერესებს საქართველო და მისი ბედი. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ის, რომ თავდაცვის მინისტრი თავს უფლებას აძლევს ასეთი ტონით ისაუბროს ქართველ გმირზე, ერთადერთ ქართველ სამვარსკვლავიან გენერალზე, ადამიანზე, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალებისთვის არის ლეგენდა, ამის უფლებას თავის თავს აძლევს ადამიანი, რომელმაც ვერანაირი ავტორიტეტი ვერ მოიპოვა და ვერც მოიპოვებს ქართულ ჯარში, და რომელიც, ბედის ირონიით, ამ წუთისთვის არის თავდაცვის მინისტრი.

დევი ჭანკოტაძის მოღვაწეობა კი არის აღიარებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის არის ერთ-ერთი სამაგალითო გენერალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ჯარის განვითარებაში, იბრძოდა აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და რეალურად, ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა რუსეთის საოკუპაციო არმიას 2008 წლის ომში. მის წინააღმდეგ რუსების მიერ სპეციალური დაჯგუფება იყო გამოშვებული... და ამ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს და ცდილობს რომ დაამციროს, თავდაცვის უწყების დღევანდელი ხელმძღვანელი. ეს არის ისტორიული შეცდომა და იმედი მაქვს, ამ შეცდომას ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს.