
პარლამენტში დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ, იმიტომ რომ ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან - არა - ნუკრი ქანთარია
17:35:03     10-06-2020
აქ დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ იმიტომ, რომ ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან არ გვიკეთია, გამოვდივართ და ლაპარაკის დროს ვიხსნით, იგივე რომ გაიმეოროს საზოგადოებამ დაჯარიმდება, არა? - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის თანახმადაც, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ქანთარიამ ოხანაშვილს მიმართა, „ხომ არ ჯობია, პირბადის ტარების წესის დარღვევის პირველ შემთხვევაში ჯარიმა იყოს 10 ლარი, განმეორების შემთხვევაში - 20, ხოლო და შემდეგ იყო თუნდაც 100 ლარი“.
„დახურულ სივრცეში შედის, ალბათ, პარლამენტის სხდომათა დარბაზიც არა? თუ შედის, მაშინ ჩვენ, ალბათ, დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ იმიტომ, რომ ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან არ გვიკეთია, გამოვდივართ და ლაპარაკის დროს ვიხსნით, მერე ვიკეთებთ, ახლა მე განგებ არ მოვიხსენი. ამას ჩვენი საზოგადოება დაინახავს, იგივე რომ გაიმეოროს და ავტობუსში ლაპარაკის დროს მოიხსნას, მერე გაიკეთოს, ის ალბათ დაექვემდებარება ჯარიმას არა? ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს გასათვალისწინებელია.
როგორც წარმოგიდგენიათ ამის აღსრულება? ვიცი, რომ არც ავტობუსში, არც ბანკში, არც მაღაზიაში არ უშვებენ ნიღბის გარეშე. ჯარიმა ვისზე უნდა იყოს, ვინც შეიპარება ან იქ შევა და შემდეგ მოიხსნის? როგორ უნდა მოხდეს აღსრულება, ალბათ, გიფიქრიათ ამაზე“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.