დედოფლისწყაროში ორი პირის დაჭრაში ბრალდებულ საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

  17:09:20     10-06-2020

სიღნაღის რაიონულ სასამართლომ დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების" საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეუფარდა.

პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულის 5000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ასევე ის მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ.

მანამდე კი სასამართლოზე მომხდარის შესახებ ისაუბრა თავად ბრალდებულმა. გიორგი ჭინჭარაულის თქმით, ის მაღაზიაში, საკუთარ არასრულწლოვან დისშვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან თანასოფლელი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„შემოვიდა ერთ- ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში, ბიჭების, რას დადიხარ იმათთანო. ვუთხარი, საჯარო მოხელე ვარ და საკრებულოს წევრი, ყველასთან ვალდებული ვარ, ვიურთიერთო მეთქი. ისეთი აგრესიული იყო, ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, თავიდან აჩერებდა, მაგრამ, მერე მეორემაც შემაგინა და წავიდა ხელჩართული ბრძოლა. მე დანის ხმარება რომ მდომოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს, გამიგდეს წიხლქვეშ. ამის მერე სახლში წავედი. მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. ამის გამო გავედი სახლიდან. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენს შორის ჩხუბი 10- 15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით გამოვიყენე დანა", - განაცხადა ჭინჭარაულმა.

 

სოფელ გამარჯვებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჭინჭარაულს ბრალდება გუშინ წარედგინა.

 

წინა სასამართლო სხდომის თარიღად 5 აგვისტო, 12 საათზე ჩაინიშნა.