მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში რამდენჯერმე უმისამართო გასროლა განახორციელა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ პოლიციას ჩაბარდა

  17:06:05     05-06-2020

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართო გასროლა განახორციელა, მოლაპარაკებების შემდეგ სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცს ამ მომენტისთვის სამედიცინო დახმარება უტარდება.

„მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნულმა პიროვნებამ საცხოვრებელი სახლი დატოვა, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის. არავინ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. ამ ეტაპისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მასთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, რის შემდეგაც მან გადაწყვეტილება მიიღო და ის საცხოვრებელი სახლიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ, არავის საფრთხე არ ემუქრება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა სირაძემ.