სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის საწოლები აღარ ჰყოფნით - დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს COVID 19-თან ბრძოლაში?
17:35:02     30-05-2020
სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ყოველდღიურად რამდენიმე ასეულს სცდება. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა 8,927 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 127 ადამიანი. ამ რიცხვით, ის რეგიონში ყველაზე დაზარალებული ქვეყნის სტატუსს იღებს.
რადიო "თავისუფლება" ამ თემაზე მასალას ავრცელებს.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა, შესაძლოა, მძიმე არჩევანის წინაშე დადგეს, რაკიღა, იმ 180 ინტენსიური თერაპიის საწოლიდან, რომელიც სომხეთს აქვს, დაახლოებით 70% უკვე დაკავებულია. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა, შესაძლოა, იძულებული გახდეს და მკურნალობის გარეშე დატოვონ ისინი, ვისი გადარჩენის შანსი უკვე აღარ არის.
სომხეთს საქართველოსთვის დახმარების თხოვნით ჯერ არ მოუმართავს. რადიო "თავისუფლების" კითხვაზე, ხომ არ აპირებს საქართველო, საკუთარი ინიციატივით, სომხეთისთვის გარკვეული ტიპის დახმარების გაწევას, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რადიო "თავისუფლების" კითხვას სომხეთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მათთვის დახმარების შეთავაზების შესახებ, 28 მაისს, ონლაინპრესკონფერენციაზე უპასუხა. მისი თქმით, თუკი სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქართველ კოლეგებს დახმარების თხოვნით მიმართავს, ისინი მზად არიან გაუწიონ დახმარება მეზობელ ქვეყანას:
"იცით, რომ ჩვენ მოძმე ერები ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ ყოველთვის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ხშირად გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალება, ვაქცინები და ა.შ., როცა ჩვენ გვჭირდებოდა ან მათ ჩვენგან სჭირდებოდათ. სერიოზული იყო დახმარება ცე ჰეპატიტის წამლით ამ ორი თუ სამი წლის წინ. თუკი სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ დახმარება - ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ. რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა, პირიქით, ყველა ღონეს იხმარს, თუ სომხეთს ეს დახმარება დასჭირდება," - განაცხადა გამყრელიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელი, არნო სტეპანიანი, რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას, 1988 წელსა და სპიტაკის მიწისძვრას იხსენებს. მაშინ საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, სომხეთს დახმარება გაუწია. მიწისძვრიდან რამდენიმე საათში, სპიტაკში ჩავიდნენ მაშველები, ექიმები და მოხალისეები. არნო სტეპანიანის თქმით, დახმარება სომხეთს დღესაც სჭირდება. ის იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასაც, როდესაც სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა არ იქნა გამოყენებული სამხედრო ოპერაციებისთვის და ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნების თანადგომა კრიზისულ სიტუაციებში ყველაზე დასაფასებელი ნაბიჯებია.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მნიშვნელოვნად მატულობდა, მაისის დასაწყისში მთელი რიგი შეზღუდვები, რომლებიც ბიზნესსა და გადაადგილებას ეხებოდა, გაუქმდა. მაისის შუა რიცხვებში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები და კვების ობიექტები. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, განახლდა ავიარეისები რუსეთ-სომხეთის მიმართულებით. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატული ზრდა.
26 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს საქმე აქვს კორონავირუსის მეორე ტალღასთან და თქვა, რომ გამკაცრდება ადმინისტრაციული ზომები. კერძოდ, ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველგან, მათ შორის, ავტომობილებშიც. ამ მიზნით გამკაცრდება საგზაო შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა საკონტროლო-გამშვები პუნქტები.