"ასე თუ გაგრძელდა, იტალიასაც გავუსწრებთ" - სომხეთმა, 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით, საფრანგეთს და ირანს გაუსწრო

  12:44:11     30-05-2020

სომხეთმა, 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით, უკვე გაუსწრო საფრანგეთისა და ირანის მონაცემებს, ხოლო რუსეთთან გათანაბრდა. განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, თუ ასეთი ტემპი გაგრძელდა, სომხეთს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით (1 მლნ მოსახლეზე გათვლით) იტალიას გავუსწრებთ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრით თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარება მეტწილად განპირობებულია მოქალაქეთა მხრიდან ჯანდაცვის უწყებების მიერ დაწესებული წესების უგულვებელყოფით.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის წესები და ატარონ პირბადეები.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 8 676 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 3 297 განიკურნა, 120 კი გარდაიცვალა.