მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან

  10:57:42     08-08-2011

დღესაც, 2011 წლის 8 აგვისტოს, სამი წლის თავზე რუსეთის სამხედრო აგრესიის დასაწყისიდან, უფრო სწორად გააქტიურებიდან, საქართველოში მოიძებნებიან ისეთები, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო მართლმადიდებლურად მიაჩნია და „ამერიკას ურჩევნია“.

დღესაც, არა ერთი ქართველი დაძრწის რუსეთის ველებზე რუსული ხიშტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

დღესაც, როგორც ხშირად, ისტორიული გაკვეთილების სიმწარე არ გავხსოვს ქართველებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის რამდენიმე ჩანაწერი შემოგთავაზოთ. ეს ჩანაწერები კომუნისტების დროს, რა თქმა უნდა, ცნობილი არ იყო. ლელა წიქარიშვილის მიერ არის მიწოდებული გამოცემისათვის „მიხეილ ჯავახიშვილი - რჩეული“ (ციკლიდან „კლასიკა და თანამედროვეობა“. დაურიგდა სკოლებს უფასოდ, როგორც „პრეზიდენტის საჩუქარი - 2008“).

აღნიშნული ჩანაწერებიდან ჩვენს სათაყვანებელ მწერალს ზოგიერთის განვითარება უნდოდა და იქნებ ახალი შედევრებიც შეგვძენოდა, მაგრამ არ აცალეს და მოგვიკლეს...

დღეს ამ ჩანაწერებიდან მხოლოდ ნაწილს შემოგთავაზებთ. დანარჩენები სხვა დროისათვის გადავდოთ. წინამდებარე ჩანაწერებში კარგად ჩანს დიდი მიხეილის დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსადმი და იმ რეჟიმისადმი, რომელიც „მოძმე“ რუსეთმა დაამყარა საქართველოში.

დღესაც, ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები, რათა „სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას“ თავი ავარიდოთ.

უბის წიგნაკიდან

1924-1935

***25/II ( 25 თებერვალი, საქართველოს ნაძალადევი გასაბჭოების დღე. - გ. მ) - უქმე პატივახდილი დედაკაცის უქმეა, რომელიც სწორედ 25/II იხმარეს ძალით.

***დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღეჯილს, დაშინებულ და კბილებშელესილ მგელს (განვითარდეს).

***იმ ხანებში სიყვარული მოკვდა და იმის მაგივრად მეძავობა და მრუშობა გამეფდა.

***V. არ. ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ.

***ბაზალეთის ტბის ძირიდან განგებამ ოქროს აკვანი ამოიღო. იმავე განგებამ სამი წლის შემდეგ წითელ ხიშტით უკანვე ჩააგდო.

***ორი მეგობარი:ბოლ. და მენ. 1920 წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენმა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა.

იმისა და ახალი ქვეყნის შუა 25 თებერვალი ისე აიყუდა, როგორც გარდაუვალი მყინვარი.

*** ლიბრეტოსაც კი მოსკოვი ამტკიცებს. ცენტრ-ზმი კარგია ერთი მთლიანი ერით დასახლებულ ქვეყანაში, რუსეთში კი ამას სხვანაირი ხასიათი აქვს.

*** რუსეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, ზედმეტი ინტელიგენცია გვყავს (განვითარდეს).

*** დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს - „ჩვენ კი - ჩვენ ჩვენ თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩენიარა.

*** თ. ხევისთავი რუსეთში იყო გაზრდილი.

*** საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით.

***2/VI-25 წ. მუხრანში ვიყავი. ილია ჭავჭავაძის მკვლელი მაჩვენეს. არ დავიჯერე. ლევან მეტრეველმა დამიდასტურა. შუ ტანის ჩასხმული მხეცი. ხშირი ულვაში. გრუზა. გმირად არის ჩათვლილი. ეხლა ყოველივე ცხადიაა. მაგონდება: 1909 ან 10 წელს სამიოდე იმის ამხანაგს სიკვდილი გადაუწყვიტეს. საზოგადოებამ პატიება სთხოვა. ოლღასაც მიაწერინეს წერილი. აპატიეს. მაგრამ ისტორია გვაპატიებს? დიდად მნშვნელოვანი ფაქტია. დაწვრილებით განვითარდეს. ეს კაცი მერე ხვრეტდა იმ ხალხს, რომელთაც ის გადაარჩინეს.

*** ილია ჭავჭავაძის მკვლელი ბერბიჭაშვილი - აღმ-ის თავ. მუხრანში.

*** „შავრაზმელი რუსი მირჩევნიან გარუსებულ წითელ ქართველს“- ამბობს ერთი.

*** დედა-მდინარევ სამი ათასი წელიწადია, რაც სწითლდები. დღეს რაც წითელი ქსოვილი მოიძებნებოდა, შენს ნაპირებს გადააფარეს, მაგრამ მაინც ვერ გაწითლდი. წითელი კი ხარ სისხლით.

*** 1925 დეკ. ყრილობაზე მარიამ ორახ-მა განაცხადა: სხვა ენები მოვსპოთ და რუსულის სწავლა გავაძლიეროთ, რათა ჩვენებს შეეძლოთ რუსეთში სამსახურიო. მეფის მოხელეებს ამაზე მეტი არაფერი უთქვამთ.

*** ბერბიჭაშვილი - ილიას მკვლელი 1925/XII აირჩიეს ც.საკ. კომ. წევრად!!!

***ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობილიც, მშობელიც. ორივ ერთია, განუყრელია. ვინც ეს ჭეშმარიტება გაიგო, მან ყოველივე გაიგო. დროა გათავდეს უუყალბესი ზღაპარი, ვითომ ხალხი სხვა იყოს, ბოლშევიზმი კი - რაღაც განაწყენებული, ციდან ჩამოვარდნილი რისხვა. ვივც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას.