ლიბიურმა "რუბეჟმა" NATO დააფიქრა

  06:21:54     07-08-2011

როგორც ჩანს, ლიბიის წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი სამხედრო კამპანიის მიუხედავად, NATO სულ ახალ-ახალი სიურპრიზების მოწმე ხდება. თვეების განმავლობაში, მუამარ კადაფის სამხედრო ბაზების, საწყობების, სამხედრო ტექნიკისა და აეროდრომების დაბომბვის მიუხედავად, მეამბოხეებმა მაინც და მაინც დიდ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. ლიბიის სამთავრობო ჯარები, კი დაკავებულ ქალაქებს ნელ-ნელა უკან იბრუნებენ. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უკვე ღიად აცხადებს, რომ ლიბიის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანია, უკვე დიდი ხანია ჩიხში შევიდა. NATO-მ კი სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, ლიბიის სამთავრობო ჯარებისგან მორიგი სიურპრიზი 4 აგვისტოს იგემა. თანაც, ის, შუა ზაფხულში მოსული თოვლის ტოლფასი იყო. იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფრეგატი "ბერსალიერე" ლიბიის ტერიტორიული წყლების მახლობლბლად საბრძოლო პატრულირებას ახორციელებდა, როდესაც ხომალდზე თავდასხმა განხორციელდა. ლიბიის სანაპიროს მხრიდან, იტალიური ფრეგატის მიმართულებით, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს. მართალია რაკეტა ხომალდისგან ორი კილომეტრის მოშორებით აფეთქდა, მაგრამ ამ მოვლენამ ყველა საგონებელში ჩააგდო.

დიდი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იტალიური საბრძოლო ხომალდისკენ გაშვებული რაკეტა, ხომალდსაწინააღდმეგო სარაკეტო კომპლექს "რუბეჟს" ეკუთვნოდა. არადა რაკეტა 113მ-ის სიგრძის ხომალდს, რომ მოხვედროდა, იტალიური ფრეგატი სავალალო ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექს "რუბეჟზე" მუშაობა საჭოთა კავშირში 1970 წელს დაიწყო. წინამორბედი სისტემებისგან ის სროლის გაზრილი დისტანციით და სიზუსტით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. ახალი კომპლექსისთვის П-15М "ტერმიტის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა შეარჩიეს. მეტი მობილურობისთვის, რაკეტები, მათი გამშვები კონტეინერები და სამიზნის აღმომჩენი საშუალებები ერთ შასიზე განალაგეს. მისი სახით, მაღალი გამავლობის რვათვლიანი МАЗ-543 შეირჩა.

ერთ მანქანაზე, რომელშიც საბრძოლო გათვლის სამუშაო ადგილებიც იყო განთავსებული, შეწყვილებული დახურული ტიპის კონტეინერი დაამონტაჟეს. "ჰარპუნის" ტიპის რადიოლოკაციურ სადგურს სამიზნის აღმოჩენა 40-დან 100 კმ-ის დისტანციაზე შეუძლია. რაკეტის ფრენის მაქსიმალური მანძილი კი 80 კმ-ით განისაზღვრება. სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლოში გადასასვლელად, კომპლექსს, სულ ხუთი წუთი ესაჭიროება.

თავად "ტერმიტის" ტიპის რაკეტა 2523 კგ-ს იწონის, საიდანაც 513 კგ საბრძოლო ქობინზე მოდის. კონტეინერში ნაკლები ადგილის დასაკავებლად რაკეტას ფრთები ეკეცება.

"რუბეჟი" ბატარიის სახით მოქმედებს, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი გამშვები და ამდენივე დამტენი მანქანა შედის. თუმცა, საბრძოლო მანქანას დამოუკიდებელი ერთეულის სახით შეუძლია მოქმედება.

საბჭოთა კავშირი, კომპლექსს, მოკავშირე და მოძმე ქვეყნებს აქტიურად აწვდიდა. სხვადასხვა დროს ის რუმინეთის, კუბის, ბულგარეთის, ალჟირის, სირიის, ეგვიპტის, იემენის შეიარაღებაში იყო ან ახლაც არის. სწორედ საბჭოთა კავშირიდან მოხვდა "რუბეჟი" ლიბიაში, 1980-იანი წლების ბოლოს.

საერთოდ, ამ ტიპის რაკეტების პირველი საბრძოლო გამოყენება, 1967 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. იმ დღეს, მდინარე ნილოსის დელტაში, ორმა ეგვიპტურმა სარაკეტო კატარღამ, ოთხი რაკეტის გამოყენებით, ებრაული საესკადრო ნაღმოსანი "ეილატი" ჩაძირა. მსოფლიო პრაქტიკაში ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.

რა თქმა უნდა, ლიბიის წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ, კოალიციურმა ჯარებმა სრულად იცოდნენ კადაფის ხელთარსებული შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ნომენკლატურა. მათ შორის "რუბეჟის" შესახებაც. ლიბიის საზღვაო ბლოკადის დაწყების, წინ NATO-ს ავიაციამ პირველი დარტყმები, შემდგომი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, სწორედ ამგვარი საბრძოლო ტექნიკის ბაზებსა და საწყობებზე მიიტანა. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ რამოდენიმე დღეში, ინტერნეტში ფოტოებიც კი დაიდო. მათზე ერთ-ერთი დაბომბილი ლიბიური სამხედრო ბაზა იყო ასახული. ბაზაზე "რუბეჟის" ტიპის კომპლექსები და მათი რამოდენიმე ათეული რაკეტა ინახებოდა. ფოტოებზე განადგურებული კომპლექსების ამოცნობა რთული არ იყო. მეტიც, მაშინ ოპერაციის ხელმძღვანელებმა კადაფის ხელთარსებული მსგავსი ყველა კომპლექსის განადგურების შესახებ განაცხადეს.

მაგრამ როგორც 4 აგვისტოს მოვლენამ დაგვანახა, განცხადება ზედმეტად თამამი აღმოჩნდა. ლიბიელების მიერ გაშვებულმა რაკეტამ ყველა საგონებელში ჩააგდო. საინტერესო ის არის, რომ "რუბეჟის" შემთხვევაში, სამიზნის დაფიქსირება რადიოლოკაციური სადგურით ხდება. შესაბამისად, ხომალდზე მყოფ ეკიპაჟს უნდა სცოდნოდა მომავალი საფრთხის შესახებ.

დღეისათვის, "რუბეჟი" საკამოდ მოძველებული ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებაა. მათ ნაცვლად კადაფი რუსეთისგან თანამედროვე "ბალის" ტიპის სისტემის შეძენას გეგმავდა. 280 მილიონ დოლარად შეფასებული კონტრაქტი რუსეთსა და ლიბიას შორის გაფორმებული იყო, მაგრამ ევროპის მიერ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მისი ხორცშესხმა არ მოხერხდა.