ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი: ყოფილი ქმარი ჩემზე სისტემატურად ძალადობდა... იმედი მქონდა, რომ განქორწინების შემდეგ ეს შეწყდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა

  16:56:25     24-05-2020

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ქორწინებაში ყოფნის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი სისტემატურად ძალადობდა მასზე და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს. უფრო მეტი დეტალის გასაჯაროებას ის ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გეგმავს.

ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ განქორწინების შემდეგ იმედი ჰქონდა, რომ ძალადობა შეწყდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

მისი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში არასრულწლოვანი ბავშვის წამოსაყვანად მივიდა. ნეკა დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, მამამთილი კი ემუქრებოდა.

როგორც ნეკა დოროყაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა მას იარაღით გაეკიდა, თუმცა არ იცის, იყო თუ არა ეს ცივი იარაღი, რადგან აფექტურ მდგომარეობაში იყო, ამ დროს კი, შვილიც მასთან ერთად იმყოფებოდა.

"სრულიად უცხო ადამიანმა გადაგვარჩინა, მანქანაში ჩავუჯექით და თავი ასე დავაღწიეთ", - აღნიშნავს ნეკა დოროყაშვილი.

პროკურატურამ ნიკოლოს ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. შემდეგი სხდომა საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.