
ნებისმიერ კანონპროექტზე ჩვენი მსჯელობის ნაცვლად, გახარია დაწერს დადგენილებას - ეს უკვე კონსტიტუციური გადატრიალებაა - სერგო რატიანი
16:26:30     21-05-2020
შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ართმევს უფლებას, გარკვეულ კანონპროექტზე იმსჯელოს. ეს უკვე კონსტიტუციური გადატრიალებაა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. როგორც რატიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტზე პარლამენტის მსჯელობის ნაცვლად, გახარია დადგენილებას დაწერს.
„აქ ბევრმა თქვა, რომ ანტიკონსტიტუციურია ეს კანონპროექტი და ანტიკონსტიტუციურია არა იმიტომ, რომ გარკვეული შეზღუდვების უფლება ეძლევა ხელისუფლებას, რაზეც პარლამენტს საერთოდ არ დაეკითხება, არამედ, ეძლევა ასევე უფლება, დადგენილებით ჩაანაცვლოს კანონშემოქმედება. დღეს მაგალითად, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლობენ. ამ ონლაინ სწავლებას მოყვება ონლაინ შეფასება, მაგრამ ონლაინ შეფასების და დისტანციური შეფასების კანონი არ გვაქვს. ახლა გეკითხებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ვითარება გაგრძელდება, ვინ მიიღებს კანონს დისტანციურ სწავლებასა და შეფასებაზე? ამას გავაკეთებთ ჩვენ თუ ამ კონკრეტული კანონის მიღების შემდეგ, ამის გაკეთების უფლება ექნება მთავრობას, მის მიერ გამოცემული დადგენილებით? აქედან გამოდის, რომ მას ამის უფლება აქვს. შესაბამისად, ის ანაცვლებს არა მარტო რაღაც ქმედებებს, პარლამენტს ართმევს უფლებას, გარკვეულ კანონპროექტზე იმსჯელოს. ნებისმიერ კანონზე ჩვენი მსჯელობის ნაცვლად, დაწერს გახარია დადგენილებას. ეს უკვე მართლაც კონსტიტუციური გადატრიალებაა, როდესაც შესაძლებელი ხდება, რომ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ დადგენილებით ჩაანაცვლოს კანონი“, - განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.