"თუ ასე გაგრძელდა, 12 ივნისს ინფიცირების 20 ათასი შემთხვევა გვექნება" - სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა

  09:48:55     20-05-2020

დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ამის მიზეზი ის არის, რომ საკმაოდ სერიოზულად არ ვეკიდებით კორონავირუსს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

„თითოეულმა ჩვენგანმა განსაკუთრებული პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. თუ ამ ტემპს არ გარდავტეხთ, 29 მაისს კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასი შემთხვევა გვექნება, ხოლო 12 ივნისს კი 20 ათასი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

„თუ ამ დინამიკას არ გარდავტეხთ, თუ ტემპს არ შევანელებთ, სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით და ყოველ დღე სიკვდილის ათობით, შეიძლება ასობით შემთხვევებიც კი გვქონდეს. ეს კი ნიშნავს, რომ იძულებულნი გავხდებით უმკაცრესი ზომები დავაწესოთ. თუმცა, გვაქვს საშუალება ეს არ გავაკეთოთ და ამის არგაკეთების საუკეთესო საშუალება ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა“, - დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 5 041 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 2 164 გამოჯანმრთელდა, 64 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.