"სავარაუდოდ, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მაღალია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები"

  09:56:46     13-05-2020

სავარაუდოდ, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მაღალია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები. ასე უპასუხა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ სენატორ ბერნი სანდერსის შეკითხვას, სენატის წინაშე მოსმენისას.

ამერიკელმა სენატორმა ვერმონტის შტატიდან, ბერნი სანდერსმა ენტონი ფაუჩს ჰკითხა, არის თუ არა რეალური ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა მონაცემები თუ ისე უფრო მაღალია.

"უმეტესი ჩვენგანი ფიქრობს, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური რაოდენობა", - უპასუხა ფაუჩიმ სანდერსს.

"იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით ნიუ იორკში ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა სიმრავლის გამო დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახლში გარდაიცვალნენ, მაგრამ მათთვის დიაგნოზი არ დაუსვამთ, რადგან ისინი საავადმყოფოში არ მოხვედრილან" - დასძინა ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩის თქმით, სრულიად წარმოუდგენელია, კორონავირუსი თავისით გაქრეს, რადგან ის "უაღრესად გადამდებია".

მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ პანდემიის მეორე ტალღას ველოდოთ.

შეგახსენებთ, სენატორთა კითხვებს ასევე პასუხობენ, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი, ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე ბრეტ გაროირი და საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სტივენ ჰანი.