"ჩინეთმა სერიოზულად აზარალა მსოფლიო... მათ დაუშვეს რეისები მილანსა და ნიუ-იორკში, რის შედეგადაც ასი ათასობით ჩინელმა ფართოდ გაავრცელა ვირუსი"
10:24:29     12-05-2020
თეთრი სახლის სავაჭრო საკითხებში ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი, პიტერ ნავარო მიიჩნევს, რომ ჩინეთმა მსოფლიოს სერიოზული ზიანი მიაყენა კორონავირუსის გავრცელებით, რაზეც პასუხი უნდა აგოს.
ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ ოფიციალურმა პეკინმა საკმარისი ზომები არ მიიღო ინფიცირებული მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრების შეზღუდვისთვის.
"მათ აკრძალეს რეისები უხანიდან პეკინში და შანხაიში, თუმცა ამავდროულად დაუშვეს რეისები მილანში და ნიუ-იორკში. ასი ათასობით ჩინელმა ფართოდ გაავრცელა ვირუსი, რამაც პანდემიის გავრცელების წინაპირობა შექმნა. ჩინეთმა მსოფლიოს სერიოზული ზიანი მიაყენა და ჩინეთს მოუწევს საფასურის გადახდა“, - განაცხადა პიტერ ნავარომ.
პიტერ ნავაროს არ დაუზუსტებია, თუ რა ზომების მიღება შეუძლია აშშ-ს ჩინეთის მიმართ.